ორდენი მივიღეთ, მას საცავში გადავიტანთ, სადაც ღირსეულად და პატივისცემით შეინახავენ და ის არავის გადაეცემა – ამის შესახებ პოლონეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში განაცხადეს.
„ორდენი მივიღეთ… მას საცავში გადავიტანთ, სადაც ღირსეულად და პატივისცემით შეინახავენ, რადგან ეს პოლონეთის უმაღლესი და უმნიშვნელოვანესი სახელმწიფო ჯილდოა. ის არავის გადაეცემა. მოწმობა ძალას კარგავს, ამიტომ ორდენი მოწმობასთან ერთად შესანახად პრეზიდენტის კანცელარიაში შეინახება… პრეზიდენტმა კაროლ ნავროცკიმ კანცელარიის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში მკაფიოდ აღნიშნა, რომ თეთრი არწივის ორდენის ჩამორთმევა არ არის მიმართული უკრაინელების წინააღმდეგ და რომ რეალურად რუსეთია უკრაინის, მთელი თავისუფალი ევროპისა და თავისუფალი სამყაროს მტერი” – განაცხადა პოლონეთის პრეზიდენტის კაროლ ნავროცკის პრესსპიკერმა, რაფალ ლესკევიჩმა.
20 ივნისს პოლონეთის პრეზიდენტმა კაროლ ნავროცკიმ ვიდეომიმართვაში განაცხადა, რომ უკრაინის პრეზიდენტისთვის თეთრი არწივის ჯილდოს ჩამორთმევის შესახებ გადაწყვეტილება მიიღო. მალევე უკრაინის პრეზიდენტმა პოლონეთის პრეზიდენტს თეთრი არწივის ჯილდო ფოსტით გაუგზავნა. ნავროცკის ამ გადაწყვეტილების საპასუხოდ, პოლონეთს ჯილდოების დაუბრუნეს უკრაინის ყოფილმა პრეზიდენტებმა პეტრო პოროშენკომ, ვიქტორ იუშენკომ და ლეონიდ ქუჩმამაც. პოლონეთის ჯილდოს დაბრუნების შესახებ ასევე განაცხადეს უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანდრეი სიბიგამ, ზელენსკის ადმინისტრაციის უფროსმა კირილ ბუდანოვმა და პოლონეთში უკრაინის ელჩმა.
პოლონური საზოგადოებისა და სახელმწიფოსთვის „უკრაინის ამბოხებულთა არმია“ (УПА) ასოცირდება მეორე მსოფლიო ომის დროს მომხდარ ე.წ. ვოლინის ხოცვა-ჟლეტასთან. პოლონეთის ოფიციალური შეფასებით, ამ მოვლენების დროს УПА-ს მებრძოლებმა 100 000-მდე ეთნიკური პოლონელი (ძირითადად, ქალები და ბავშვები) სასტიკად დახოცეს. პოლონეთი ამ ფაქტს გენოციდად აღიარებს.
კაროლ ნავროცკიმ, რომელიც პროფესიით ისტორიკოსია, განაცხადა, რომ „ისტორიული სიმართლე სავაჭრო საგანი არ არის“. მისი თქმით, ზელენსკის მიერ ამ დაჯგუფების განდიდება და დანაყოფისთვის მათი სახელის დარქმევა პოლონელ მსხვერპლთა ხსოვნის შეურაცხყოფაა.
უკრაინული მხარისთვის „უკრაინის ამბოხებულთა არმია“ (УПА) წარმოადგენს საბჭოთა რეჟიმისა და მოსკოვის წინააღმდეგ დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის სიმბოლოს. კიევში აცხადებენ, რომ სამხედრო ნაწილისთვის სახელის მინიჭებას არანაირი ანტიპოლონური კონტექსტი არ ჰქონია.

