აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

კრემლთან კონტაქტებმა ევროპულ საბჭოში ანტონიუ კოშტას მომავალს საფრთხე შეუქმნა – „პოლიტიკო“

კრემლთან კონტაქტებმა ევროპულ საბჭოში ანტონიუ კოშტას მომავალს საფრთხე შეუქმნა, – ამის შესახებ სტატიას „პოლიტიკო“ აქვეყნებს.

როგორც გამოცემა წერს, რუს ჩინოვნიკებთან მისმა კონტაქტებმა, რომელიც წინასწარ არ იყო ცნობილი, ევროკავშირსა და მოსკოვს შორის ათწლეულების განმავლობაში არსებული დიპლომატიური დუმილი დაარღვია, ამან კი ის სკანდალში გახვია და რეპუტაციაზე იმოქმედა.

„პოლიტიკო“ აღნიშნავს, რომ ზოგიერთმა ევროპელმა ლიდერმა, მათ შორის ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა, პედრო სანჩესმა და ბელგიის პრემიერ-მინისტრმა, ბარტ დე ვევერმა კოშტა დაიცვეს, თუმცა წყაროების უმეტესობის თქმით, ბოლო სამიტის კულისებში უკმაყოფილო გაცილებით მეტი ევროპელი პოლიტიკოსი იყო.

ამასთან, ჟურნალისტებთან საუბრისას ესტონეთის პრემიერ-მინისტრმა, კრისტენ მიხალმა კოშტას ნაბიჯი „შეცდომად“ შეაფასა და განაცხადა, რომ ევროკავშირს არ შეუძლია, ერთდროულად იმოქმედოს, როგორც ომში შუამავალმა და  უკრაინის მხარდამჭერმა.

ლიეტუვის პრეზიდენტმა, გიტანას ნაუსედამ განაცხადა, რომ ახლა არ არის შესაფერისი დრო კრემლის ლიდერ ვლადიმერ პუტინთან მოლაპარაკებების დასაწყებად.

„პოლიტიკოს“ წყაროებმა ასევე განაცხადეს, რომ 18 ივნისს ბრიუსელში ევროკავშირის სამიტის დროს, რუსეთთან მოლაპარაკებებში ევროკავშირის წარმომადგენლობის შესახებ დისკუსია იმდენად დიდხანს გაგრძელდა, რომ ლიდერები ვახშამზე ორი საათით დააგვიანეს და ჩინეთთან დაკავშირებული დისკუსიის გადადება მოუწიათ.

ერთ-ერთი დიპლომატის თქმით, ამ დაბნეულობამ კოშტას სისუსტე გამოავლინა, რადგან მან ვერ შეძლო ევროკავშირის მთავრობის მეთაურების შეკავება და დღის წესრიგის სხვადასხვა საკითხისთვის დროის სათანადო მენეჯმენტის უზრუნველყოფა.

ცნობისთვის, „ბლუმბერგის“ ინფორმაციით, ევროპის საბჭოს პრეზიდენტის ანტონიო კოშტას მთავარი მრჩეველი ორჯერ ესაუბრა ტელეფონით ვლადიმერ პუტინთან დაახლოებულ რუს მაღალჩინოსანს. საუბრების მიზანი მომავალში უფრო არსებითი მოლაპარაკებებისთვის გზის გაკვალვა იყო.

„ბლუმბერგის“ ერთ-ერთი წყაროს ცნობით, ევროპელი მაღალი თანამდებობის პირები ცდილობენ თავიანთი მიდგომის კოორდინაციას, რადგან ომი ახალ ფაზაში შედის და ემზადებიან იმ დროისთვის, როდესაც კრემლთან კომუნიკაცია უფრო ინტენსიური გახდება.

იტვირთბა....