აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

“რუსეთს და მის პარტნიორებს სურთ, სომხეთმა ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირსა და ევროკავშირს შორის არჩევანი რაც შეიძლება სწრაფად გააკეთოს” – მარია ზახაროვა

რუსეთს და მის პარტნიორებს სურთ, სომხეთმა ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირსა და ევროკავშირს შორის არჩევანი რაც შეიძლება სწრაფად გააკეთოს, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, მარია ზახაროვამ განაცხადა.

„რუსეთი, ისევე როგორც ევრაზიული ეკონომიკური კავშირის დანარჩენი სამი ქვეყანა – ბელარუსი, ყაზახეთი და ყირგიზეთი – ამ საკითხთან დაკავშირებით რაც შეიძლება მალე გარკვევას ითხოვენ“, – განაცხადა ზახაროვამ.

რუსეთის საგარეო უწყების წარმომადგენლის თქმით, შემთხვევითი არ არის, რომ კავშირის ოთხი ქვეყნის ლიდერების 29 მაისს გაკეთებულ ერთობლივ განცხადებაში ხაზგასმულია სომხეთში შესაბამისი ეროვნული რეფერენდუმის რაც შეიძლება მალე ჩატარების აუცილებლობა, რაც სომხეთის კონსტიტუციით გათვალისწინებული ერთადერთი მექანიზმია ამ ქვეყნის სუპრანაციონალურ საერთაშორისო ორგანიზაციებში წევრობასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებების მისაღებად.

ზახაროვამ დასძინა, რომ განცხადებაში მოწოდებულია რუსეთის, ბელარუსის, ყაზახეთისა და ყირგიზეთის მთავრობებმა, მოამზადონ ერთობლივი ანგარიში, რომელშიც გაანალიზდება არსებული ვითარება ევრაზიის უმაღლესი ეკონომიკური საბჭოს მიმდინარე წლის დეკემბერში გასამართი შეხვედრისთვის.

„და ასეთი სამუშაო აუცილებლად განხორციელდება“, – აღნიშნა მან.

მარტში სომხეთის პარლამენტმა მიიღო კანონი სომხეთის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის დაწყების შესახებ, რომელიც პრეზიდენტმა ვაჰაგნ ხაჩატურიანმა აპრილში დაამტკიცა. ამასობაში, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ საბაჟო კავშირის შენარჩუნება როგორც ევროკავშირთან, ასევე ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირთან შეუძლებელია.

იტვირთბა....