აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა და ეროვნულმა პოლიციამ კიევში ტერაქტი აღკვეთეს – დაკავებულია ФСБ-ს ორი აგენტი

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა და ეროვნულმა პოლიციამ კიევში ტერაქტი აღკვეთეს. დაკავებულია ФСБ-ს ორი აგენტი, რომლებიც კიევის ცენტრში მდებარე ერთ-ერთი ადმინისტრაციული შენობის აფეთქებას გეგმავდნენ – ინფორმაციას უკრაინის უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს.

გამოძიების თანახმად, ბრალდებულებმა დაამონტაჟეს ხელნაკეთი მოწყობილობა, რომელსაც ადმინისტრაციულ კორპუსთან მდებარე გენერატორის აალება და აფეთქება უნდა გამოეწვია. ისინი მექანიზმის ამოქმედებას დისტანციურად გეგმავდნენ, თავად კი ბელარუსის გავლით, რუსეთში გაქცევას აპირებდნენ.

“დადგინდა, რომ შენობის დანაღმვის შემდეგ აგენტები ჩერნიგოვის მიმართულებით მიმავალ სამგზავრო მატარებელში ჩასხდნენ. იქიდან ისინი საზღვრის არალეგალურად გადაკვეთას მდინარის საშუალებით, გასაბერი ნავის გამოყენებით გეგმავდნენ. სამართალდამცველებმა ბოროტმოქმედები წინასწარ ამხილეს, მათი დანაშაული დოკუმენტურად დააფიქსირეს და მატარებელში დააკავეს.

ტერაქტის განსახორციელებლად აგენტებმა რუსეთიდან მიიღეს ინსტრუქცია ხელნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობის დასამზადებლად, რომელიც დედაქალაქის შევჩენკოს რაიონში, გენერატორის ქვეშ მოათავსეს.” – ნათქვამია უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

საქმის მასალების მიხედვით, ФСБ-ს მიერ გადაბირებული პირები, კიევის მცხოვრებლები არიან, რომლებიც მხარს უჭერდნენ რუსეთის აგრესიას უკრაინაში და საკუთარ მოსაზრებებს Telegram-არხებით ავრცელებდნენ. სავარაუდოდ ამ პოზიციის გამო მიიპყრეს რუსეთის სპეცსამსახურების ყურადღებაც

იტვირთბა....