ეს ნათელი დემონსტრირებაა იმისა, რომ რუსეთის სიტყვების ნდობა არ შეიძლება. რუსეთი შავი ზღვის უსაფრთხოებისა და კეთილდღეობისთვის მთავარ საფრთხედ რჩება, – ასე ეხმაურება უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი ანდრეი სიბიგა რუსეთის მიერ შავ ზღვაში გემებზე თავდასხმას.
სიბიგა სოციალურ ქსელში წერს, რომ ღამით რუსეთმა შავ ზღვაში თურქეთის საკუთრებაში არსებულ ტვირთმზიდ გემს შეუტია და ეს თურქეთის მაღალი დონის ვიზიტის შემდეგ მოხდა.
სიბიგას ინფორმაციით, უკრაინის სამხედრო-საზღვაო ძალებმა ეკიპაჟი გადაარჩინა, თუმცა ეკიპაჟის ერთი წევრი, ეგვიპტის მოქალაქე დაიღუპა.
“რუსეთმა ასევე შეუტია პალაუს და ბელიზის დროშის ქვეშ მცურავ ორ გემს. ისინი დაზიანდნენ, მაგრამ მათი ეკიპაჟები უვნებლები არიან. ვაცნობებთ ყველა სახელმწიფოსა და ორგანიზაციას საერთაშორისო სამართლისა და ნავიგაციის თავისუფლების წინააღმდეგ ამ თავხედური თავდასხმის შესახებ. ეს მოითხოვს საერთაშორისო საზოგადოებისა და საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის ძლიერ და პრინციპულ რეაგირებას”, – აცხადებს სიბიგა.

