.
“მარაო”-ზე ახალი გადაცემა “ანფასის” პირველის სტუმარი ნანუკა ჟორჟოლიანი იყო. ტელეწამყვანმა საკუთარ პირად ცხოვრებაზე, კონკრეტულად კი, მეუღლესთან, ერეკლე კოდუასთან დაშორების შესახებ, გულწრფელად ისაუბრა:
“ჩემ ცხოვრებაში ახლა მამაკაცი არ არის. მამაკაცი, რომელიც ჩემ ცხოვრებაში იყო, ბევრ ფუნქციას იღებდა თავის თავზე, მათ შორის შეიძლებოდა ისეთი ფუქნცია აეღო თავის თავზე, რომელსაც საქართველოში ქალები ითავსებენ – ყავა მოედუღებინა დილით…
პრესაში გავრცელებულ ინფორმაციას მის (ერეკლე კოდუას) თანამგზავრზე – ვერ დავარქმევდი თანამგზავრს. ის არის გოგო, რომელიც მის ცხოვრებაში არის. თანამგზავრი ვიყავი მე.
გოგო რომელიც მის ცხოვრებაში არის, პირველად რომ ვკითხე, არ დამიდასტურა, მეორედ რომ ვკითხე, ვუთხარი, რაღაცას მატყუებ-მეთქი, შემდეგ დამიდასტურა და მითხრა, რომ ეს არ არის ის თემა, რაზეც შეეძლო საუბარი, მაგრამ, კი, ეს გოგო, მის ცხოვრებაში არსებობდა. მე და ირაკლი შევთანხმდით, თუ ჩვენს ცხოვრებაში რაღაც იქნებოდა მნიშვნელოვანი, ჩვენ ერთმანეთს გავაგებინებდით ამას და მესამე პირიდან არ გავიგებდით. ვუთხარი, რომ პირობა დამირღვია. არაო, ჩვენ სხვა რამეზე შევთანხმდითო. ეს გოგო მის ცხოვრებაში არის, მაგრამ ის რომ ცოლად მოჰყავს, მართალი არ არის, როგორც ის ამბობს.
ეს გოგო მეც პირველად ვნახე თქვენთან ერთად. მანამდე ნანახი არ მყავდა. ეს გოგო დიდი ხანია მის ცხოვრებაშია, სადღაც წელიწადნახევარი გამოდის.
ეს გოგო არ იქნებოდა, ის გოგო იქნებოდა… კრიზისი მანამდე შეიქმნა. ამიტომ, ლოგიკური გაგრძელება იყო ეს ყველაფერი.
– რა იყო ურთიერთობაში შენი ბრალი?
– მოვიქეცი ისეთი ქალივით, ყურებამდე შეყვარებული ქმარი რომ გყავს, ყველაფერს რომ აკეთებს შენი ბედნიერებისთვის და რომ გგონია, ეს სულ იქნება.
ფეხს ფეხზე რომ გადაიდებ და გგონია, ეს სულ გექნება. ცუდად მოვიქეცი, ასე ჭკვიანი ქალები არ იქცევიან. დავიჯერე, ეს რადგან მოვიდა, აღარ წავა. ამ დროს, როგორც ქალს, უნდა მეფიქრა, რომ ასე არ ხდება. ამ ურთიერთობასაც კი, ისეთ სიყვარულსაც კი, როგორიც მას ჩემ მიმართ მქონდა და მართლა არ მგონია, ასე ადამიანებს უყვარდეთ, ასეთ სიყვარულსაც უნდა ცოტა ხელი შეუწყო. იმას ხომ არ ვამბობ, რომ ყურებამდე შეყვარებული არ ვიყავი, მაგრამ ეს ყველაფერი გადამეზარდა კარგ ძმაკაცობაში. მოკლედ, ურთიერთობებში “ქალი” მე დავკარგე და პასუხიც მივიღე. ისიც კაცია, ადგა და წავიდა, რა.
– გეწყინა პრესისგან რომ შეიტყვე და არა ირაკლისგან?
– გამიკვირდა ირაკლისგან. იმიტომ, რომ არ არის ასეთი ტიპი – გაუბედავი და მშიშარა ბიჭი. ეს უფრო იმას ჰგავდა, ვიღაცას ძალიან რომ უნდა გაგაგებინოს ეს ამბავი. ვიღაც ალბათ ფიქრობს, ამ ამბავს თუ გავიგებდი, ეს იქნებოდა წერტილი. მგონია, რომ ნებისმიერი ურთიერობა შეიძლება ტრანსფორმირდეს წლების განმავლობაში. ისეთ კარგ მეგობრობაში გადაიზარდოს, რომ გაცილებით მეტი დისკომფორტი შეექმნას იმ ადამიანს, ვიდრე ჩვენი ცოლ-ქმრობით. ამით ირაკლის ხელ-ფეხი ჩემთან ურთიერთობაში უფრო გაეხსნა, იმიტომ, რომ მე მას ძალიან კარგად ვიცნობ და მას მორალური პრობლემები ექნებოდა აუცილებლად – პარალელური ურთიერთობები, რომელსაც ნანუკას უმალავს…
– შენ შემთხვევაში იგივე რომ მომხდარიყო, გამოჩენილიყო მამაკაცი, იქნებოდა თუ არა ირაკლი, რომელსაც პირველს მოუყვებოდი?
– აუცილებლად, იმიტომ, რომ რა აზრი აქვს, მაინც გაიგებს. თუ სერიოზულ ურთიერთობებს დავაპირებდი, აუცილებლად ვეტყოდი ირაკლის. რაღა სხვისგან და ყვითელი ფურცლებიდან გაიგოს, გავაგებინებ ჩემგან. ახლა უკვე ამას დრო გაუვიდა. ყველაფერს თავისი ვადა აქვს ურთიერთობებში – როცა აუცილებელია, რომ ერთმანეთს სიმართლე უთხრან, როცა აუცილებელია, რომ ერთმანეთს გაუფრთხილდნენ – ახლა, ეს ეტაპები უკვე გავლილია ჩვენ ცხოვრებაში. ახლა უკვე ვფიქრობ, რომ აღარ მაქვს რამე ვალდებულება, საქმის კურსში ჩავაყენო ჩემ ცხოვრებასთან დაკავშირებით.
– ხომ არ გინანია ოდესმე, რომ ირაკლის საზღვარგარეთ არ გაყევი, როცა ის წავიდა საცხოვრებლად?
– არა, იმიტომ, რომ ირაკლიმ დამტოვა აქ. ირაკლის გადაწყვეტილება იყო ჩემი აქ დარჩენა. ირაკლის რომ ეთქვა წამოდიო და მე არ წავყოლოდი, ვინანებდი ალბათ. ეს ხომ უკვე მისი პასუხისმგებლობაა. რადგან მათ მითხრა რომ ჯობდა აქ დავრჩენილიყავი.
– გაყვებოდი რომ ეთხოვა?
– აუცილებლად. თან იმ პერიოდში დეპრესია მქონდა. დილის შვიდ საათამდე ფეხზე ვიყავი და თუ რამე დასაძინებელი წამალი არსებობს, ყველაფერი დამილევია, რომ დამძინებოდა. დაახლოებით ოთხი-ხუთი თვე ჩვეულებრივი კრიზისი მქონდა. ძალიან მძიმედ ვიყავი. ოთხი თვე ვეჩვეოდი, რომ მის გარეშე დამეძინა.
– დასრულებული ურთიერთობა კომპლექსებს ტოვებს?
– ორივე შემთხვევაში, როცა ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი ურთიერთობები დამთავრდა, მიწევდა ხელახლა რაღაცის დამტკიცება. მიწევდა იმის დამტკიცება, რომ ის ინანებს. ორივე შემთხვევაში ეს გამიმეორდა. მგონია, რომ ისტორია აქაც გაგრძელდება. ამბავი იმით გაგრძელდება, რომ როცა ინანებს, მე ეს აღარ მადარდებს.
მშურს ყველასი, ვისაც თავისუფლად შეუძლია ახალი ურთიერთობის დაწყება. ორი წელია დავშორდი. ორი წლის განმავლობაში ეს გადაწყვეტილება, რომ ვერ მივიღე, ე.ი. რთულია ჩემთვის. თუმცა ვფიქრობ, რომ გამიმართლებს მაინც.
– ირაკლისთან დაშორების შემდეგ ფლირტი თუ გქონია?
– მქონია. ყოველთვის ურთიერთობიდან გამომდინარე მოდიოდა ეს. ახლაც მაქვს ფლირტი. ტყუილს ვერ ვიტყვი, ჩემ ცხოვრებაში არავინ არ არის, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ხვალ ან ზეგ არ იქნება…