ოკუპირებულ ყირიმში საწვავის გაყიდვა აიკრძალა, – ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
ოკუპირებული ყირიმის რუსეთის მიერ დანიშნული ე.წ. ლიდერის, სერგეი აქსიონოვის განცხადებით, დღის განმავლობაში საწვავი მხოლოდ ე.წ. სამთავრობო უწყებებზე გაიყიდება.
„დღეს, 21 ივნისს, 9:00 საათიდან ყირიმის ბენზინგასამართ სადგურებზე შეჩერდა საწვავის გაყიდვა როგორც ნაღდი, ისე უნაღდო ანგარიშსწორებით, ასევე ტალონებით როგორც ფიზიკური, ასევე იურიდიული პირებისთვის“, – აღნიშნა აქსიონოვმა.
ამასთან, აქსიონოვის ცნობით, დრონებით იერიშების შედეგად ოკუპირებულ ყირიმში 4 ადამიანი დაიღუპა და 28 დაშავდა.
შეგახსენებთ, გასულ ღამეს ოკუპირებულ ყირიმში განხორციელებული დარტყმების შესახებ გავრცელებული ინფორმაცია უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ დაადასტურა.
„ყირიმის ხიდის ორივე მხარეს არსებულ ობიექტებზე დარტყმები განხორციელდა: საზღვაო ლოჯისტიკა, რომელიც კრასნოდარის მხარეში ნავთობის ტრანზიტისთვის გამოიყენება და ნავთობის ბაზა დროებით ოკუპირებულ ქერჩში“, – განაცხადა ზელენსკიმ.

