რუსეთის მიერ ოკუპირებული ყირიმის ხელისუფლება ქერჩის ნახევარკუნძულზე უკრაინის თავდასხმის შედეგად მსხვერპლის შესახებ იუწყება. მათი ცნობით, დრონებით თავდასხმის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა და 28 დაშავდა.
ქერჩის სრუტის რაიონში მასშტაბური თავდასხმის შესახებ მანამდე უკრაინული წყაროებიც იუწყებოდნენ. ოფიციალურად უკრაინის ხელისუფლებას თავდასხმა ჯერჯერობით არ დაუდასტურებია.
კრასნოდარის მხარის ოპერატიულმა შტაბმა განაცხადა, რომ თემრიუკის რაიონში, ქერჩის საბორნე გადასასვლელთან დრონებმა შეუტიეს ბორან „პანაგიას“. წინასწარი ინფორმაციით, ერთი ადამიანი დაიღუპა და კიდევ ერთი დაშავდა. გარდა ამისა, ხანძარი გაჩნდა ჩუშკის დასახლებაში მდებარე ნავთობტერმინალზე.
უკრაინული წყაროების ცნობით, ქერჩში მასშტაბური თავდასხმის სამიზნეები, შესაძლოა, ყოფილიყო ქერჩის საზღვაო პორტი და საწვავის ტერმინალი. მათი ინფორმაციით, ადგილზე ძლიერი ხანძარი გაჩნდა.
ამასთან, ვრცელდება ინფორმაცია, რომ ყირიმში საწვავის გაყიდვა შეჩერდა, მათ შორის ტალონებითაც.
რუსეთის მიერ ოკუპირებული ყირიმის ხელისუფლება აცხადებს, რომ „ნახევარკუნძულზე შეჩერებულია საწვავის თავისუფალი გაყიდვა და საწვავი მიეწოდება მხოლოდ სახელმწიფო სამსახურებს“.
ცნობისთვის, ყირიმში საწვავის გაყიდვაზე შეზღუდვები მაისის ბოლოდან მოქმედებს. ამის მთავარი მიზეზი არის მოძრაობის შეფერხება „ნოვოროსიის“ ტრასაზე, რომელსაც უკრაინელები დრონებით რეგულარულად უტევენ. მაისის ბოლოდან სევასტოპოლში ბენზინის გაყიდვა ტალონებით დაიწყო და ერთ ადამიანს არაუმეტეს 20 ლიტრის შეძენა შეეძლო.
საწვავის დეფიციტი მხოლოდ ყირიმს არ შეჰხებია. „ბიბისის“ რუსულენოვანი სამსახურის მონაცემებით, საწვავის გაყიდვაზე შეზღუდვები რუსეთის, სულ მცირე, 33 რეგიონში მოქმედებს.

