აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა ციტატა

საფრანგეთის პრეზიდენტობის სავარაუდო კანდიდატი ჯორდან ბარდელა აცხადებს, რომ არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში, პოლონეთთან ერთად ევროკავშირის შესაცვლელად იმუშავებს

საფრანგეთის პრეზიდენტობის სავარაუდო კანდიდატი ჯორდან ბარდელა აცხადებს, რომ არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში პოლონეთთან ერთად იმუშავებს ევროკავშირის შესაცვლელად. როგორც „ევრონიუსი“ წერს, ამის შესახებ ულტრამემარჯვენე პარტია „ეროვნული გაერთიანების“ ლიდერმა პოლონეთში ვიზიტისას განაცხადა, სადაც ის პარტია „კანონისა და სამართლის“ ლიდერს, იაროსლავ კაჩინსკის შეხვდა.

„მე დარწმუნებული ვარ, რომ 2027 წელს, თუ ჩვენი ორი მოძრაობა საარჩევნოდ წარმატებას მიაღწევს, გვექნება შესაძლებლობა, შევცვალოთ ევროკავშირის ოპერირება, ამისთვის საფრანგეთი და პოლონეთი ევროპაში მთავარ ძალებია“, – განაცხადა ბარდელამ.

მისივე თქმით, ევროკომისია და ევროკავშირი უნდა ემსახურებოდეს ერებს და არა პირიქით. პოლონეთში ვიზიტის დროს ბარდელა ასევე შეხვდა პოლონეთის პრეზიდენტის, კაროლ ნავროცკის ოფისის წარმომადგენლებს. ის ასევე ეწვია პოლონეთისა და ბელარუსის საზღვარს.

„ჩვენ ვიზიარებთ ერთიან ხედვას პოლონელ მეგობრებთან, ჩვენ ვიცავთ ერთსა და იმავე ღირებულებებს, მაგალითად, როდესაც საქმე ეხება მიგრაციული ზეწოლისთვის წინააღმდეგობის გაწევას. ასევე ჩვენ ნეგატიურად ვართ განწყობილები ევროკავშირის ისეთი პროექტებისადმი, როგორიცაა „მწვანე შეთანხმება“, რომელიც აზიანებს ჩვენს მრეწველობას და ფერმერებს“, – განაცხადა ფრანგმა პოლიტიკოსმა.

ბარდელასთან შეხვედრის შემდეგ პოლონეთის ოპოზიციური პარტიის, „კანონი და სამართლის“ ლიდერმა იაროსლავ კაჩინსკიმ განაცხადა, რომ ის მარინ ლე პენის პარტიის პრეზიდენტობის სავარაუდო კანდიდატს 2027 წელს დაგეგმილ არჩევნებში გამარჯვებას უსურვებს. მისი თქმით, ამას დიდი მნიშვნელობა ექნება მთელი ევროპისთვის.

„ეს იქნება გადამწყვეტი ნაბიჯი პოლონეთსა და ევროპაში ისეთი კოალიციის ჩამოყალიბებისთვის, რომელსაც ექნება ევროკავშირის შეცვლის უნარი. ჩვენ ვიზიარებთ შეხედულებას, რომ ევროკავშირმა უნდა გააგრძელოს არსებობა, თუმცა ის უნდა ემსახურებოდეს ერებს – მათ თავისუფლებას, სუვერენიტეტსა და განვითარებას. დღეს ეს ასე არ არის“, – განაცხადა კაჩინსკიმ.

ცნობისთვის, საფრანგეთში საპრეზიდენტო არჩევნები 2027 წელს გაიმართება. ამავე წლის შემოდგომაზე საპარლამენტო არჩევნებია დაგეგმილი პოლონეთშიც.

იტვირთბა....