“ნამდვილად არ მეგონა თუ გამოჩენილი ექიმის მიმართ ასეთი ულმობელი იქნებოდა ქართული სასამართლო” – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ყოფილი დირექტორი, ამირან გამყრელიძე სოციალურ ქსელში წერს და გოგი ჩახუნაშვილსა და მის ოჯახს სოლიდარობას უცხადებს.
ამირან გამყრელიძე გამოქვეყნებულ პოსტში კითხულობს, თუ რისთვის უშვებენ ამდენ ადამიანს ციხეში და აღრმავებენ პოლარიზაციას – “რა მაგალითს ვაძლევთ მომავალ თაობებს ამ ქმედებით?”
ნამდვილად არ მეგონა თუ გამოჩენილ ექიმსა და ცნობილი სამედიცინო დინასტიის წარმომადგენელის, მასთან ერთად გასამართლებული ჩვენი თანამოქალაქეების მიმართ, რომელთა შორის რთული ოჯახური თუ ჯანმრთელობის მდგომარეობებითაც არიან, ასეთი ულმობელი იქნებოდა ქართული სასამართლო.
რატომ, რისთვის უშვებთ ამდენ ხალხს ციხეში და ვაღრმავებთ პოლარიზაციას? ყველა ქმედებას ხომ უკუქმედება მოყვება, ფიზიკის კანონია. ხომ შეგვიძლია დავასრულოთ საზოგადოების ასეთი დაყოფა ჩვენიანებებად და არაჩვენიანებად, ხომ ყველას გვინდა უკეთესი და ევროპული საქართველო. ამაზე საუბრობდნენ და ასწავლიდნენ მუდამ გოგი და მისი დიდი ოჯახის წევრები, რომლებმაც ექიმთა და მეცნიერთა თაობები გაზარდეს და ზრდიან. რა მაგალითს ვაძლევთ მომავალ თაობებს ამ ქმედებით.
სოლიდარობა, მხნეობა გოგის და მის ოჯახს,” – წერს ამირან გამყრელიძე.
ცნობისთვის, სასახლის ღობის საქმეზე ბრალდებული ექიმი, გიორგი ჩახუნაშვილი და კიდევ 6 პირი – ია დარახველიძე, დავით ჟღენტი, კონსტანტინე კოკაია, კახაბერ მჟავანაძე, ზაქრო ალბუთაშვილი და დავით სტურუა სასამართლომ დამნაშავედ ცნო.
აღნიშნული გადაწყვეტილება მოსამართლე გიორგი გელაშვილმა მიიღო.
მისი განაჩენით, ექვს მათგანს 5-5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, ია დარახველიძეს კი 3 წლით თავისუფლების აღკვეთა.

