საქართველოს შესახებ ევროპარლამენტში მიღებულ რეზოლუციაში ხაზგასმულია, რომ ქვეყანაში საბჭოთა ოკუპაციისა და მისი გრძელვადიანი შედეგების შესახებ აკადემიური კვლევებისა და ისტორიული განათლების ნაკლებობაა, რაც ხელს უწყობს ისტორიული მანიპულაციებისა და დეზინფორმაციული კამპანიების გავრცელებას, რის ფონზეც ევროპარლამენტარები ხელისუფლებას საბჭოთა პერიოდის არქივების გახსნისკენ მოუწოდებენ.
კრიტიკული რეზოლუციის მიხედვით, რუსეთი ყოველივე ამას თავის სასარგებლოდ იყენებს, რათა საქართველოში ევროატლანტიკურ მისწრაფებებს ძირი გამოუთხარონ, ამიტომ “მნიშვნელოვანია აკადემიური კვლევები, საბჭოთა ოკუპაციის ქვეშ საქართველოს ისტორიის შესახებ ცოდნის გავრცელება და დოკუმენტირება, და ასევე კოლექტიურ მეხსიერებაში საბჭოთა პოლიტიკური რეპრესიების, მასობრივი მკვლელობებისა და საბჭოთა-რუსულ ოკუპაციასთან წინააღმდეგობის ისტორიის გახსენება.”
მიღებული რეზოლუცია ამ მხრივ “ხაზს უსვამს დამოუკიდებელი ისტორიკოსების, მკვლევრებისა და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების მნიშვნელობას, როგორიცაა სოვლაბი“.
ამასთან, ევროპარლამენტარები შეშფოთებას გამოთქვამენ საბჭოთა ოკუპაციის პერიოდში ჩადენილ რეპრესიებთან და დანაშაულებთან დაკავშირებით არსებულ არქივებზე წვდომის სისტემატურად შეზღუდვის გამო.
ამ ფონზე რეზოლუცია მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, რომ მეცნიერებისთვის, მკვლევრებისა და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისთვის საბჭოთა პერიოდთან დაკავშირებულ არქივებზე სრული, გამჭვირვალე და არადისკრიმინაციული წვდომა უზრუნველყონ.
ცნობისთვის, ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ რეზოლუცია 17 ივნისს მიიღო და მასში, სხვა საკითხებთან ერთად, მოთხოვნილია ივანიშვილისა და “ქართული ოცნების” მაღალჩინოსნების სანქცირება, პოლიტპატიმრების გათავისუფლება და რეპრესიული კანონების გაუქმება. რეზოლუციას მხარი 436-მა ევროპარლამენტარმა დაუჭირა, მოწინააღმდეგე 145 იყო, ხოლო ხმის მიცემისგან თავი 47-მა შეიკავა.

