ისრაელი არ შეეგუება თავდასხმებს არც ჩვენს სამხედროებზე და არც ჩვენს ტერიტორიაზე. ჰეზბოლა ამ თავდასხმებისთვის ძალიან მძიმე ფასს გადაიხდის, – ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომელმაც ლიბანში ოთხი ისრაელელი ჯარისკაცის დაღუპვის შემდეგ სამძიმრის წერილი გაავრცელა.
„დაე, მათი სისხლის გამო შურისძიება მოხდეს. გუშინდელი ორმხრივი სროლის დროს დაჭრილებს სრულ გამოჯანმრთელებას ვუსურვებ. „ჰეზბოლას“ მიერ განხორციელებული ეს საზარელი თავდასხმა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების აშკარა დარღვევა იყო. ამის გამო, წუხელ ისრაელის თავდაცვის ძალებს დავავალე, „ჰეზბოლასთვის“ სრული ძალით მიეყენებინათ დარტყმა. ჩემი მითითება ნათელია: ისრაელი არ შეეგუება თავდასხმებს არც ჩვენს სამხედროებზე და არც ჩვენს ტერიტორიაზე. ჰეზბოლა ამ თავდასხმებისთვის ძალიან მძიმე ფასს გადაიხდის“, – აღნიშნა ნეთანიაჰუმ.
მისი თქმით, ისრაელის თავდაცვის ძალები იმოქმედებენ, რათა აღკვეთონ ნებისმიერი საფრთხე ქვეყნის სამხედრო ძალებისა და ტერიტორიის მიმართ.
„როგორც არაერთხელ და ერთმნიშვნელოვნად განვაცხადე, მათ შორის გუშინაც: ისრაელი სამხრეთ ლიბანში უსაფრთხოების ზონაში დარჩება იმდენ ხანს, რამდენიც საჭირო იქნება ჩრდილოეთში მდებარე დასახლებების დასაცავად“, – აღნიშნა ნეთანიაჰუმ.

