ბრიუსელის მხრიდან გაღებული კარი ივანიშვილმა შიგნიდან ჩაკეტა, ქართველი ხალხი კი ცდილობს გაღებას, რასაც დახმარება სჭირდება – საჭიროა თარგეთირებული, მწვავე სანქციები, არამხოლოდ მსუსხავი ეფექტის, არამედ დამანგრეველი ძალის, ვინაიდან ვიბრძვით და გვჭირდება დახმარება ევროპელების და მეგობრების მხრიდან,- ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ლაშა ფარულავამ ევროპარლამენტის რეზოლუციაზე საუბრისას განაცხადა.
როგორც ლაშა ფარულავამ აღნიშნა, ევროპარლამენტის რეზოლუცია კიდევ ერთი მხარდაჭერაა ქართველი ხალხის მიმართ.
„ბრიუსელის მხრიდან გაღებული კარი ივანიშვილმა შიგნიდან ჩაკეტა და ქართველი ხალხი ცდილობს გაღებას, რასაც დახმარება სჭირდება. სწორედ ამას ემსახურება ეს რეზოლუცია. საჭიროა თარგეთირებული, მწვავე სანქციები, არამხოლოდ მსუსხავი ეფექტის, არამედ დამანგრეველი ძალის, ვინაიდან ჩვენ ვიბრძვით და გვჭირდება დახმარება ევროპელების და მეგობრების მხრიდან, რათა კანონის უზენაესობა იყოს, დემოკრატია და თანასწორობა. ასევე, უნდა დასრულდეს პოლიტიკური ანგარიშსწორება.
მე პირადად, მსურს, ისეთ საზოგადოებასა და ქვეყანაში ცხოვრება, სადაც არათუ სანქციები არ იქნება საჭირო, ქართველი ხალხი საარჩევნო ყუთთან გადაწყვეტს საკუთარ იდენტობას. ამის შესაძლებლობა ივანიშვილმა წაართვა ხალხს. ეს რომ დავიბრუნოთ, საჭიროა პარტნიორების მხარდაჭერა, მათ შორის, საჭიროა კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა ივანიშვილის ჯგუფის, თაღლითების და კორუმპირებულების მხრიდან“,- განაცხადა ფარულავამ.
ცნობისთვის, ევროპარლამენტი მოუწოდებს ევროკავშირს, გაყინოს ივანიშვილის აქტივები და ითანამშრომლოს ამ საკითხთან დაკავშირებით სხვა იურისდიქციებთან, კერძოდ, გაერთიანებულ სამეფოსთან და შეერთებულ შტატებთან.
ანგარიშში ევროპარლამენტი ხაზს უსვამს, რომ ევროკავშირისა და მისი წევრი სახელმწიფოების მიერ ბიძინა ივანიშვილის, “ქართული ოცნების“ ლიდერების, მოსამართლეების, პროკურორების და სხვა თანამდებობის პირების წინააღმდეგ დაწესებული მიზანმიმართული პერსონალური სანქციები დაუსჯელობის წინააღმდეგ მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი იქნება.

