ევროპული საბჭოს თავმჯდომარემ, ანტონიუ კოშტამ ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერებს განუმარტა, რატომ დაიწყო ევროპულ საბჭოსა და რუსეთს შორის კონტაქტების აღდგენა. ამის შესახებ უკრაინული მედია ევროკავშირიდან არსებულ წყაროებზე დაყრდნობით წერს.
აღსანიშნავია, რომ უკრაინასთან დაკავშირებული დისკუსია დახურულ რეჟიმში მობილური ტელეფონების გარეშე წარიმართა.
წყაროების ინფორმაციით, ანტონიუ კოშტამ დაადასტურა ინფორმაცია, რომ ბოლო პერიოდში „კრემლთან მოკლე დიპლომატიური კონტაქტები“ დაიწყო.
მედიის ცნობით, ევროპული საბჭოს თავმჯდომარემ საკუთარ ოფისს დაავალა, „რუსეთთან დიპლომატიური არხი გახსნას“.
კოშტას განმარტებით, ამ ინიციატივის მიზანი იყო, „მზად ყოფილიყვნენ ევროკავშირის ინტერესების დასაცავად, როდესაც საჭირო მომენტი დადგებოდა“.

