შვეიცარიაში აშშ-ირანის მემორანდუმის ხელმოწერის გაუქმების პარალელურად, ისრაელმა ლიბანში სამიზნეები დაბომბა – ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, ღამის განმავლობაში სამხრეთ ლიბანის რამდენიმე რაიონში ჰეზბოლას ინფრასტრუქტურულ ობიექტებზე იერიშები მიიტანა. ისრაელის ინფორმაციით, დარტყმები ირანის მიერ მხარდაჭერილი ჯგუფის მიერ „ცეცხლის შეწყვეტის არაერთხელ დარღვევის“ შემდეგ განხორციელდა.
ლიბანის სახელმწიფო მედიის ცნობით, ისრაელის დარტყმების შედეგად სამხრეთ ლიბანში 16 ადამიანი დაიღუპა.
The Guardian წერს, რომ საბრძოლო მოქმედებები საფრთხეს უქმნის აშშ-ირანის ახალ შეთანხმებას ომის დასრულების შესახებ, რომელიც ითვალისწინებს სამხედრო ოპერაციების დაუყოვნებლივ შეჩერებას „ყველა ფრონტზე, მათ შორის ლიბანში“.
შვეიცარიაში დღეს დაგეგმილი ირან-აშშ-ის მემორანდუმის ხელმოწერის ოფიციალური ცერემონია, რომელიც დღეს უნდა გამართულიყო, გაუქმდა. აშშ-ის ვიცე პრეზიდენტმა ჯეი დი ვენსმა შვეიცარიაში ვიზიტი გააუქმა. მიზეზად მოუგვარებელი ორგანიზაციული საკითხები დასახელდა, რომლებიც მოლაპარაკებების შემდეგ ეტაპს უკავშირდება.
ბიურგენშტოკში დაგეგმილ ცერემონიაზე მხარეებს ხელი უნდა მოეწერათ აშშ-ირანის ომის დასრულებისა და რეგიონში დეესკალაციის 14-პუნქტიან მემორანდუმზე. ამ დოკუმენტს გუშინ დისტანციურად მოაწერეს ხელი აშშ-ისა და ირანის პრეზიდენტებმა.

