უკრაინული გამოცემა Европейская правда-ს ინფორმაციით, ჟურნალისტებთან საუბრისას NATO-ს გავლენიანმა მაღალჩინოსანმა განაცხადა, რომ NATO-ს შეფასებით, რუსეთმა უკრაინასთან ომში 1.4 მილიონზე მეტი სამხედრო დაკარგა, თუმცა, ამის მიუხედავად პუტინი ომში მიზნებს არ ცვლის.
NATO-ს მაღალჩინოსნის თქმით, ვლადიმირ პუტინს უკრაინის წინააღმდეგ დასახული მიზნების შესრულება მაინც მტკიცედ აქვს განზრახული. ამასთან, მანვე დაამატა, რომ ომის გამო რუსეთის ეკონომიკური მდგომარეობა უარესდება.
“მიუხედავად იმისა, რომ რუსეთმა წელს ბრძოლის ველზე ინიციატივა შეინარჩუნა, მისი წინსვლა ბევრად უფრო ნაკლებად სტაბილური იყო. ამასთანავე, ჩვენ ვერ ვხედავთ ოპერაციის ტემპისა და მყისიერი, მასშტაბური რუსული იერიშის მხრივ მნიშვნელოვანი ცვლილებების ნიშნებს, ბრძოლის ველზე [რუსეთის] შემცირებული ეფექტიანობის გამო.” – აღნიშნა მან.
მაღალჩინოსანმა ასევე განაცხადა, რომ 2022 წელს უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, რუსეთმა “ჯამში 1.3-დან 1.45 მილიონამდე დანაკარგი” განიცადა, აქედან დაღუპულთა რაოდენობა კი დაახლოებით ნახევარია.
მისივე თქმით, რუსული ძალები განაგრძობენ მთელი ფრონტის ხაზის გასწვრივ ინტენსიურ ოპერაციებს, განსაკუთრებით, პოკროვსკის მიმართულებით, სადაც დაკავებული ტერიტორიების კონსოლიდაციასა და ქალაქ დობროპილიისკენ წინსვლას ცდილობენ.
ამას გარდა, მაღალჩინოსანმა დაამატა, რომ რუსული ძალები ცდილობენ ქალაქ კოსტიანტინივკაზე კონტროლის დამყარებას. NATO-ს მოლოდინია, რომ ურბანული ბრძოლა ახლო მომავალშიც გაგრძელდება, რის ფონზეც უპილოტო საფრენი აპარატები სერიოზული საფრთხის ქვეშ აყენებს უკრაინული ძალების მომარაგების ძალისხმევას.

