ევროპარლამენტმა 436 ხმით 145-ის წინააღმდეგ საქართველოს შესახებ ანგარიში დაამტკიცა. ანგარიში მომზადებული საქართველოს შესახებ ევროკომისიის 2025 წლის ანგარიშის გათვალისწინებით.
დოკუმენტის თანახმად, ევროპარლამენტი გამოხატავს სრულ სოლიდარობას ქართველი ხალხის მიმართ, რომელიც აგრძელებს ბრძოლას ევროპული და დემოკრატიული საქართველოსთვის.
„[ევროპარლამენტი] გამოხატავს სრულ სოლიდარობას ქართველი ხალხის მიმართ, რომელიც აგრძელებს ბრძოლას ევროპული და დემოკრატიული საქართველოსთვის დემოკრატიული უკუსვლის, მზარდი რეპრესიების, უკანონო დაპატიმრებების, დაუნდობელი მტრული რიტორიკის, დეზინფორმაციისა და მუქარის ფონზე; ხაზს უსვამს, რომ საქართველოს მოსახლეობის თითქმის 75% კვლავ უჭერს მხარს ევროკავშირთან შემდგომ ინტეგრაციას; კიდევ ერთხელ აღნიშნავს, რომ ევროკავშირის კარი ღია რჩება ქართველი ხალხისთვის ევროპულ გზაზე დასაბრუნებლად; ღრმა იმედგაცრუებით აღნიშნავს, რომ „ქართულმა ოცნებამ“ არა მხოლოდ შეაჩერა, არამედ ფაქტობრივად შეცვალა საქართველოს ევროპული ინტეგრაციის კურსი; სწუხს იმ ფაქტის გამო, რომ უკუსვლა დაფიქსირდა ცხრავე პრიორიტეტის განხორციელებაში, რომლებიც საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების პირობები იყო; ხაზს უსვამს „ქართული ოცნების“ განცხადებების შეუსაბამობას, რომ ევროკავშირში ინტეგრაცია მთავარ პრიორიტეტად რჩება, მაშინ როდესაც, პარალელურად, მისი უმაღლესი თანამდებობის პირები და მთავრობასთან დაკავშირებული მედია აწარმოებენ ორკესტრირებულ და სისტემატურ კამპანიას, ავრცელებენ რა მანიპულაციურ რუსული სტილის ნარატივებს, დეზინფორმაციას და შეთქმულების თეორიებს ევროკავშირის, მისი თანამდებობის პირებისა და დიპლომატების წინააღმდეგ“, – აღნიშნულია ანგარიშში.
ანგარიშის თანახმად, ევროპარლამენტს აწუხებს ის ფაქტი, რომ „2024 წლის ოქტომბრის გაყალბებული საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, „ქართულმა ოცნებამ“ კიდევ უფრო ინტენსიურად გააგრძელა სრული ავტორიტარიზმისკენ სვლა“.
„[ევროპარლამენტი] შეშფოთებულია საქართველოს დემოკრატიული საფუძვლების სწრაფი რღვევით მისი დემოკრატიული ინსტიტუტების, ფუნდამენტური თავისუფლებებისა და დემოკრატიული პლურალიზმის წინააღმდეგ მიზანმიმართული თავდასხმების გზით, რაც სრულიად ეწინააღმდეგება ევროკავშირის წევრობისთვის აუცილებელ დემოკრატიულ განვითარებას; იზიარებს კომისიის შეფასებას, რომ ისეთ მნიშვნელოვან ინსტიტუტებს, როგორიცაა ცენტრალური საარჩევნო კომისია, კომუნიკაციების კომისია, იუსტიციის უმაღლესი საბჭო, საკონსტიტუციო სასამართლო, პროკურატურა, ეროვნული ბანკი და სამართალდამცავი და უსაფრთხოების უწყებები, აკლიათ მიუკერძოებლობა, დამოუკიდებლობა და დემოკრატიული ზედამხედველობა; ხაზს უსვამს, რომ საქართველო ვერ მიაღწევს რაიმე პროგრესს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესში, სანამ ის არ დაუბრუნდება დემოკრატიული რეფორმების გზას და, სხვა საკითხებთან ერთად, არ უზრუნველყოფს თავისუფალ, სამართლიან და კონკურენტულ არჩევნებს, არ დაიცავს ოფიციალური ინსტიტუტების დამოუკიდებლობას, ეფექტურად არ გაუმკლავდება ოლიგარქიულ კონტროლს და არ გააუმჯობესებს ადამიანის უფლებებისა და მედიის თავისუფლების დაცვას“, – აღნიშნულია ანგარიშში.
ამასთან, ევროპარლამენტი ხაზს უსვამს, რომ ევროკავშირისა და მისი წევრი სახელმწიფოების მიერ ბიძინა ივანიშვილის, „ქართული ოცნების“ ლიდერების, მოსამართლეების, პროკურორების და სხვა თანამდებობის პირების წინააღმდეგ დაწესებული მიზანმიმართული პერსონალური სანქციები დაუსჯელობის წინააღმდეგ მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი იქნება.

