აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

“თქვენი ხმა ციხის კედლებს მიღმაც აღწევს” – ანდჟეი პოჩობუტის სიტყვა ევროპარლამენტში

ევროპარლამენტი პოლონური წარმოშობის ბელარუს ჟურნალისტს, ანდჟეი პოჩობუტს მასპინძლობს, რომელიც ლუკაშნეკოს რეჟიმს პატიმრობაში ჰყავდა.

ანდჟეი პოჩობუტმა, რომელსაც ჯერ კიდევ პატირმობისას, 2025 წელს მზია ამაღლობელთან ერთად მიენიჭა ანდრეი სახაროვის სახელობის პრემია, ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას თქვა, რომ ევროკავშირის ხმა ციხის კედლებს მიღმაც აღწევს.

თქვენს ქმედებებს შეუძლია შეამსუბუქოს ციხის ზედამხედველების ქცევა, რადგან ეს არის გზავნილი, რომ კონკრეტული პატიმარი, კონკრეტული პიროვნება კვლავ ახსოვთ – თქვა ჟურნალისტმა სიტყვით გამოსვლისას.

“უზომოდ მადლიერი ვარ თქვენი პოზიციისთვის, რომელიც დაფუძნებულია ევროპულ ღირებულებებზე. თქვენი ხმისთვის, რომელიც არაერთხელ გაჟღერდა ჩემს დასაცავად, მაგრამ ასევე ბელარუსში მცხოვრები ყველა პოლონელის დასაცავად, პოლიტპატიმრების დასაცავად და ბელარუსში რეპრესიების მსხვერპლთა დასაცავად. მინდა იცოდეთ, რომ თქვენი ხმა ესმით არა მხოლოდ თავისუფალ სამყაროში. ის აღწევს ციხის კედლებს მიღმაც. ის ფაქტი, რომ ჩემს დასაცავად გარკვეული ზომები მიიღება, ის ფაქტი, რომ თქვენ იღებთ რეზოლუციებს პოლიტპატიმრების შესახებ, ის ფაქტი, რომ ვიყავი კანდიდატი და შემდეგ სახაროვის პრემიის ლაურეატი, ეს ყველაფერი მხოლოდ მაშინ შევიტყვე, როცა ციხეში ვიმყოფებოდი. ასე რომ, თქვენს ქმედებებს შეუძლია შეამსუბუქოს ციხის ზედამხედველების ქცევა, რადგან ეს არის გზავნილი, რომ კონკრეტული პატიმარი, კონკრეტული პიროვნება კვლავ ახსოვთ, მიუხედავად იმისა, თუ რამდენი წელი გავიდა”- განაცხადა პოჩობუტმა.

ამ წუთებში, ევროპარლამენტში საქართველოს შესახებ ანგარიშს უყრიან კენჭს. დოკუმენტი, რომელსაც ევროპარლამენტარი რასა იუკნევიჩიენე წარადგენს, უკვე დამტკიცებულია საგარეო საქმეთა კომიტეტში და საქართველოში დემოკრატიულ უკუსვლას, რეპრესიებსა და ევროკავშირთან დაშორებას აკრიტიკებს.

ანგარიშში ნათქვამია, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ფაქტობრივად შეცვალა ქვეყნის ევროპული კურსი. ევროპარლამენტი მხარს უჭერს ბიძინა ივანიშვილის, “ოცნების” გუნდის ლიდერების, მოსამართლეებისა და სხვა მაღალჩინოსნების მიმართ პერსონალურ სანქციებს და წევრ ქვეყნებს მათი გაფართოებისკენ მოუწოდებს.

დოკუმენტი ასევე აფრთხილებს, რომ თუ ივანიშვილის ხელისუფლება დემოკრატიულ უკუსვლას არ შეაჩერებს, შესაძლოა საფრთხე შეექმნას საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლის რეჟიმს. ანგარიშში პასუხისმგებლობა ამ პროცესზე „ქართულ ოცნებას“ ეკისრება.

ევროპარლამენტი აკრიტიკებს ხელისუფლებასთან დაკავშირებულ მედიასაშუალებებსაც, მათ შორის „იმედსა“ და „პოსტვ“-ს, ევროკავშირის წინააღმდეგ დეზინფორმაციის გავრცელების გამო. ანგარიშში საუბარია ირაკლი ღარიბაშვილის საქმეზეც და აღნიშნულია, რომ მისმა დაკავებამ სამართლიანი სასამართლოს სტანდარტებთან დაკავშირებით კითხვები გააჩინა.

იტვირთბა....