აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“ვინ იქნება შემდეგი თავმჯდომარე, ამის მკითხაობას აზრი არ აქვს, რადგანაც კანდიდატების შესახებ ჯერ ოფიციალურად ცნობილი არ არის” – ირაკლი ფავლენიშვილი

ჩვენ, ყოველ შემთხვევაში, პატივს ვცემთ თინა ბოკუჩავას და მიგვაჩნია, რომ ძალიან მშვენივრად გაართვა თავი მასზე დაკისრებულ მოვალეობებს – ვინ იქნება „ნაციონალური მოძრაობის“ შემდეგი თავმჯდომარე, ამ ეტაპზე, ამის მკითხაობას აზრი არ აქვს, რადგანაც კანდიდატების შესახებ ჯერ ოფიციალურად ცნობილი არ არის, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ირაკლი ფავლენიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

ირაკლი ფავლენიშვილის განმარტებით, მიმდინარეობს კონსულტაციები.

„რა თქმა უნდა, კონსულტაციები მიმდინარეობს და განიხილება, თეორიულად, ვინ შეიძლება იყოს თავმჯდომარე, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ნებისმიერ თანამდებობაზე, მათ შორის არ შეიძლება, რომ დაინიშნონ თუნდაც ის პირები, რომლებიც დღესაც იკავებენ ამ თანამდებობას იმიტომ, რომ ქალბატონი თინა ბოკუჩავა ნამდვილად იმსახურებს ჩვენგან სათანადო პატივისცემას მისი გაწეული ღვაწლის გამო. ამიტომაც არ არის გამორიცხული, რომ ის ადამიანები, რომლებიც არა მხოლოდ თავმჯდომარის, არამედ სხვა წამყვან თანამდებობებს დღეს იკავებენ, შეიძლება მომავალშიც მათ დაიკავონ. თუმცა ის, რომ ყრილობა ჩატარდება და შეიძლება ცვლილებები ვნახოთ, ეს ფაქტია“, – განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა.

მისი თქმით, პარტიის თავმჯდომარეს დელეგატები ირჩევენ, მანამდე შესაძლოა, მიმდინარეობდეს კონსულტაციები და განხილვა იმისა, თუ ვინ შეიძლება იყოს „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე.

„როცა ვსაუბრობთ იმაზე, თუ ვინ იქნება თავმჯდომარე, ამის მკითხაობას აზრი არ აქვს ამ ეტაპზე, რადგანაც ჯერ კანდიდატები არ არიან ოფიციალურად ცნობილი და როდესაც იქნება [ცნობილი] ქალბატონი თინა აპირებს, თუ არ აპირებს ან სხვები აპირებენ, თუ არ აპირებენ, აი, ოფიციალურად როცა იქნება ცნობილი, მერე კიდევ შეიძლება კითხვა დასვას ადამიანმა. მანამდე განხილვებსა და კონსულტაციებში არსებობს ეს საკითხი და ვერავინ გეტყვით დაზუსტებით ვერანაირ ინფორმაციას“, -განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა.

კითხვაზე, მიხეილ სააკაშვილმა ნანუკა ჟორჟოლიანს პარტიის თავმჯდომარეობა თინა ბოკუჩავას გვერდს ავლით შესთავაზა თუ არა, ფავლენიშვილი პასუხობს, რომ „გვერდის ავლით ამ პარტიაში, არაფერი ოფიციალური არ ხდება“.

„ჩემი პასუხი არის ის, რომ დელეგატები ირჩევენ თავმჯდომარეს, მანამდე კონსულტაციები მიმდინარეობს და ამ კონსულტაციების ფარგლებში შეიძლება ძალიან ბევრი კანდიდატურა გაჟღერდეს, მათ შორის მოქმედი თავმჯდომარე. ქალბატონმა თინა ბოკუჩავამ ურთულეს მომენტში ჩაიბარა პარტია და რამდენიმე წლის მანძილზე იყო ამ პარტიის ხელმძღვანელი, ურთულეს პერიოდში ნამდვილად, მათ შორის იყო პოლიტიკური ტურბულენცია შიდა პარტიული კი არა, ზოგადად ქვეყნის მასშტაბით. ამიტომ, მასზე ვერ ვიტყვი, რომ ის რთულ პასუხისმგებლობას გაურბის, უბრალოდ, კონკრეტულ მომენტში მან შეიძლება ჩათვალოს, რომ კვლავ სურს გააგრძელოს და შეეჭიდოს ამ საქმეს ან შეიძლება ჩათვალოს, რომ აღარ გააგრძელოს, ეს მისი გადასაწყვეტია. ჩვენ, ყოველ შემთხვევაში, პატივს ვცემთ მას და მიგვაჩნია, რომ ძალიან მშვენივრად გაართვა თავი მასზე დაკისრებულ მოვალეობებს. რაც შეეხება საკითხს, მე ვის დავუჭერ მხარს, ჯერ კანდიდატურები არ არსებობენ, შეიძლება გონებაში ვიღაცებზე ვფიქრობდე, მაგრამ სანამ არ არსებობენ კანდიდატურები, ძალიან ნაადრევია საუბარი“, – განაცხადა ფავლენიშვილმა.

მისი თქმით, უახლოესი ორი თვის მანძილზე ჩატარდება არჩევნები, სადაც ცნობილი გახდება, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეობის კანდიდატურების შესახებ, მანამდე კი, ფავლენიშვილის თქმით, „მკითხაობას არ აპირებენ“.

რაც შეეხება „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფნას „ოპოზიციურ ალიანსში“, ფავლენიშვილის თქმით, მათ ალიანსი არ დაუტოვებიათ.

იტვირთბა....