აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა უკრაინაში ომის მიმართ მიდგომა შეცვალა. ამის შესახებ „ბლუმბერგი“ წერს.
„ბლუმბერგის“ წყაროების ცნობით, ახლა ტრამპის გარემოცვასა და „დიდი შვიდეულის“ ლიდერებს შორის ჩამოყალიბდა საერთო მოსაზრება, რომ რუსეთს ბრძოლის ველზე გამარჯვების მიღწევა აღარ შეუძლია.
„ეს მკვეთრი ცვლილებაა ტრამპის წინა პოზიციასთან შედარებით: 2025 წლის აგვისტოში ალასკაზე ვლადიმერ პუტინთან შეხვედრის შემდეგ ის მიიჩნევდა, რომ უკრაინას „კოზირები არ ჰქონდა“ და ტერიტორიულ დათმობებზე უნდა წასულიყო. „დიდი შვიდეულის“ ერთ-ერთი წარმომადგენლის თქმით, რომელმაც ანონიმურობის დაცვა ითხოვა, ახლა კი აშშ და ევროპელი მოკავშირეები თანხმდებიან, რომ კიევის პოზიციები ძლიერდება“, – წერს „ბლუმბერგი“.
სტატიის მიხედვით, ეს ცვლილებები განსაკუთრებით თვალსაჩინო გახდა საფრანგეთის ქალაქ ევიანში გამართულ სამიტზე, სადაც პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა ტრამპისა და ვოლოდიმირ ზელენსკის მოკლე შეხვედრა მოაწყო. საუბრის დროს ზელენსკიმ ტრამპს აჩვენა კიევში მდებარე ტაძრის ფოტოები, რომელიც რუსეთის დარტყმის შედეგად დაზიანდა. გამოცემის ცნობით, აშშ-ის პრეზიდენტზე ამან ძლიერი შთაბეჭდილება მოახდინა.
„რუსეთმა შეთანხმება უნდა დადოს“, – განაცხადა ტრამპმა კატარის ემირთან შეხვედრისას.
„ბლუმბერგის“ ცნობით, ტრამპს აღარ უხსენებია ზელენსკის მიმართ ადრე გაკეთებული მოწოდებები კაპიტულაციისა და დათმობების შესახებ. გარდა ამისა, „ბლუმბერგი“ აღნიშნავს, რომ არაბთა გაერთიანებული საამიროების ლიდერთან საუბრისას ტრამპმა ხაზი გაუსვა, რომ მზად არის, მოსკოვის წინააღმდეგ სანქციები გაამკაცროს, განსაკუთრებით ირანთან ომის დასრულების ფონზე.
„ჩვენ ამას შევძლებთ, რადგან ნავთობის მიწოდება უკვე ხდება“, – თქვა აშშ-ის პრეზიდენტმა.
„ბლუმბერგის“ ცნობით, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, კირ სტარმერმა „თაიმს რადიოსთან“ ინტერვიუში თქვა, რომ რიტორიკის ეს ცვლილება რუსეთის ეკონომიკის გაუარესებას უკავშირდება.
„რუსეთის ეკონომიკა სერიოზულად დაზარალდა და ამან მოსკოვში სრულიად განსხვავებული ატმოსფერო შექმნა“, – განაცხადა სტარმერმა.

