გერმანიის საზოგადოებრივმა მაუწყებელმა, ZDF-მა წაშალა რეპორტაჟის ნაწილი, რომელშიც ნათქვამია, რომ ილონ მასკი ჩრდილოეთ ირლანდიაში მიგრანტებზე ნადირობის მოწოდებით გამოვიდა და აღნიშნა, რომ ფორმულირება „შეცდომაში შემყვანი“ იყო.
მანამდე ილონ მასკმა აღნიშნა, რომ „ZDF-ის წინააღმდეგ სამართლებრივი პროცესი დაიწყო აღმაშფოთებელი ტყუილების გამო“.
საქმე ეხება გასულ კვირას ბელფასტში მომხდარ ძალადობას, რომელიც მას შემდეგ დაიწყო, რაც ქალაქის ჩრდილოეთ ნაწილში ქუჩაში დანით თავდასხმა მოხდა. პოლიციამ შემთხვევის ადგილზე სუდანის მოქალაქე დააკავა, რომელიც მოგვიანებით სასამართლომ წინასწარ პატიმრობაში დატოვა მკვლელობის მცდელობის ბრალდებით. დაზარალებული მძიმედ დაიჭრა და სასამართლოზე გაირკვა, რომ თავდასხმის შედეგად მან მარცხენა თვალი დაკარგა. ამ შემთხვევამ ბელფასტში არეულობა გამოიწვია.
ჩრდილოეთ ირლანდიაში ბოლო არეულობამ საერთაშორისო ყურადღება მიიპყრო, მათ შორის გერმანიაშიც, სადაც მიგრაციის საკითხი ასევე მწვავე პოლიტიკური თემაა.
12 ივნისს საინფორმაციო-ანალიტიკური გადაცემის ZDFheute Live წამყვანმა ბელფასტში ძალადობის შესახებ სიუჟეტი შემდეგი სათაურით წარადგინა: „როგორ აღვივებს მასკი პროტესტებს“.
„სასტიკი მკვლელობის მცდელობა ბელფასტის საჯარო ქუჩაზე. ვიღაც იღებს ვიდეოს, რომელიც ვირუსულად ვრცელდება. ამის შემდეგ რასისტული ბრბო მიგრანტებზე ნადირობს. ამისკენ მოწოდება ბრიტანელი მემარჯვენე ექსტრემისტისა და ტექნოლოგიური მილიარდერის, ილონ მასკისგან მოვიდა“, – აღნიშნა წამყვანმა ახლა უკვე წაშლილ შესავალში.
ცნობილმა ბრიტანელმა ულტრამემარჯვენე აქტივისტმა, ტომი რობინსონმა 9 ივნისს სოციალური ქსელ „იქსით“გაავრცელა საპროტესტო აქციების გეგმები და დაწერა, რომ „მთელი გაერთიანებული სამეფო ქუჩაში გამოდის“. თუმცა მან უარყო ბრალდებები არეულობისკენ მოწოდების შესახებ.
მასკმა რობინსონის ეს პოსტი გააზიარა და დაწერა: „მხოლოდ განმეორებითი და ხმამაღალი პროტესტით იქნება შესაძლებელი რაიმე ცვლილების მიღწევა!“.

