თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ჰაკან ფიდანის განცხადებით, ანკარა მზადაა, რუსეთ-უკრაინის კონფლიქტის დასრულებასთან დაკავშირებულ მოლაპარაკებებს უმასპინძლოს.
რუსული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ ჰაკან ფიდანმა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვთან მოსკოვში გამართული შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„ჩემს კოლეგასთან მოლაპარაკებების დროს გავაცანით თურქეთის მზადყოფნა, უმასპინძლოს უკრაინასთან დაკავშირებულ მოლაპარაკებებს. ანკარა ელის, რომ მხარეები მოლაპარაკებების მაგიდასთან დაბრუნდებიან“, – განაცხადა ფიდანმა.
მისი თქმით, სერგეი ლავროვთან მოლაპარაკებების დროს სამხრეთ კავკასიაში არსებული ვითარება და ბაქოსა და ერევანს შორის სამშვიდობო პროცესიც განიხილა.
„ჩვენ დეტალურად განვიხილეთ სამხრეთ კავკასიაში არსებული ვითარება და აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მიმდინარე სამშვიდობო პროცესი. ეს რეგიონში მშვიდობისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ასპექტია“, – განაცხადა ფიდანმა.
მისი თქმით, სერგეი ლავროვთან მოლაპარაკებების დროს ასევე განიხილეს ნაბიჯები, რომლებიც შეიძლება გადაიდგას შავ ზღვაში უსაფრთხო ნაოსნობის უზრუნველსაყოფად.
„შეშფოთებულები ვართ უკრაინაში კონფლიქტის ესკალაციის რისკით, განსაკუთრებით შავ ზღვაში უსაფრთხო ნაოსნობის კონტექსტში. განვიხილეთ, თუ რა ნაბიჯების გადადგმა შეგვიძლია ამ მიმართულებით“, – აღნიშნა თურქეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.

