თბილისის მერია ბოტანიკური ბაღის მიმდებარედ 29ჰა ფართობი მიწის გასხვისებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. მისი განცხადებით, აღნიშნული ტერიტორია არასოდეს ყოფილა ბოტანიკური ბაღის საკუთრება.
“დღეს, 17:00 საათზე დასრულდა თბილისის მერიის ქონების მართვის სააგენტოს მიერ გამოცხადებული აუქციონი. აუქციონზე გამოტანილი იყო ოქროყანის ტერიტორიაზე არსებული 29 ჰექტარი მიწის ნაკვეთი. აუქციონის პირობების თანახმად, გასაყიდი ტერიტორიის საწყისი ფასი 6 233 000 ლარს შეადგენდა. აუქციონში მონაწილეობა ერთმა პრეტენდენტმა მიიღო. გაყიდული ქონების ფასმა 6 326 495 ლარი შეადგინა. ამ ეტაპზე მიმდინარეობს კანონით გათვალისწინებული პროცედურები.
აუქციონში გამარჯვებული ვალდებულია სამშენებლო ნებართვის აღებიდან არაუგვიანეს 36 თვის ვადაში, მაგრამ ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუგვიანეს 48 თვის ვადაში, განახორციელოს 80 ნომრიანი სასტუმრო კომპლექსის მშენებლობა, რომლის განაშენიანების ფართი უნდა იყოს არაუმეტეს 20 000 კვ.მ. აუქციონში გამარჯვებულმა უნდა განახორციელოს გადაცემულ მიწის ნაკვეთზე მწვანე ნარგავების მოვლა-პატრონობა, განახლება, ტერიტორიის კეთილმოწყობა, რეკრეაციული სივრცის განვითარება და საირიგაციო სისტემის მოწყობა.
მაღალი საზოგადოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე, განვმარტავთ, რომ აღნიშნული ტერიტორია არასდროს ყოფილა ბოტანიკური ბაღის საკუთრება”, – ნათქვამია უწყების განცხადებაში.
ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ ეს ტერიტორია, სავარაუდოდ, ბიძინა ივანიშვილის მიერ დაფუძნებულმა თანაინვესტირების ფონდმა შეიძინა. ფონდში 19:00 საათზე განცხადება კეთდება.