ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებით შეთანხმება თუ არ მიიღწევა, აშშ-მა, შესაძლოა, ირანზე იერიშები განაახლოს, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა „ნიუ იორკ თაიმსთან“ ინტერვიუში განაცხადა.
მისივე თქმით, თუ ირანი შეერთებულ შტატებთან ბირთვულ შეთანხმებას ვერ მიაღწევს და პროცესი, რომელიც პარასკევს შვეიცარიაში უნდა დაიწყოს, ჩაიშლება, თეირანის წინააღმდეგ თავდასხმებს განაახლებს ან აშშ-ს აქცევს „ახლო აღმოსავლეთის მცველად“ რეგიონის შემოსავლების 20%-ის სანაცვლოდ.
28-წუთიან სატელეფონო ინტერვიუში დონალდ ტრამპმა აღნიშნა, რომ თებერვლის ბოლოს ირანზე დარტყმის შესახებ მისმა გადაწყვეტილებამ და ჰორმუზის სრუტის დახურვის საპასუხოდ ირანის პორტების საზღვაო ბლოკადამ ახლო აღმოსავლეთში ვითარება აშშ-ის სასარგებლოდ შეცვალა. მისივე თქმით, სწორედ ირანზე განხორციელებულმა სარაკეტო და საჰაერო იერიშებმა ითამაშა გადამწყვეტი როლი შეთანხმების მიღწევაში.
„მათ არ სურდათ მესამე დარტყმა. მათ საკუთარი სიცოცხლე ადარდებთ. მთავარი ის არის, რომ ჩვენ მიერ განხორციელებულ თავდასხმებს უზარმაზარი გავლენა ჰქონდა ამ შეთანხმების მიღწევაზე”, – აღნიშნა ტრამპმა სატელეფონო ინტერვიუში.
ტრამპმა ასევე მიანიშნა, რომ შეერთებულ შტატებს ექნება „ფართო საკონტროლო უფლებამოსილებები“, რათა დარწმუნდეს, რომ ირანი არ ეწევა ბირთვულ საქმიანობას საკუთარი ვალდებულებების დარღვევით.
ამასთან, მისივე თქმით, წინა შეთანხმება ინსპექციების თვეების განმავლობაში გაჭიანურების შესაძლებლობას იძლეოდა, მაშინ როცა ახლანდელი შეთანხმება მყისიერ წვდომას უზრუნველყოფს.
გარდა ამისა, ტრამპმა ინტერვიუში განაცხადა, რომ ირანთან მიღწეული შეთანხმება საბოლოოდ უზრუნველყოფს, რომ ჰორმუზის სრუტე „მუდმივად უფასო“ გახდეს. მან ასევე აღნიშნა, რომ, ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს წინააღმდეგობის მიუხედავად, ისრაელი ბირთვული განადგურებისგან იხსნა. როგორც ტრამპმა აღნიშნა, ნეთანიაჰუ „ძალიან რთული ადამიანია“.
„სიმართლე გითხრათ, ის ჩვენი მადლიერი უნდა იყოს. ირანს ბირთვული იარაღი რომ ჰქონოდა, ისრაელი ორ საათში აღარ იარსებებდა”, – აღნიშნა ტრამპმა.

