ევროკავშირი აბსოლუტურად მოძველდა, – ამის შესახებ საფრანგეთის ულტრამემარჯვენე პარტიის, „ეროვნული გაერთიანების“ ლიდერმა, ჯორდან ბარდელამ გამოცემა „პოლიტიკოსთან“ ინტერვიუში განაცხადა.
საფრანგეთის პრეზიდენტობის სავარაუდო კანდიდატი აცხადებს, რომ მას არ სურს ევროკავშირიდან გასვლა, თუმცა სურს რადიკალური ცვლილებები. მისივე განცხადებით, ახალი ევროპული არქიტექტურის ასაშენებლად ის მუშაობს ევროპარლამენტში ჯორჯია მელონის პოლიტიკურ ჯგუფთან და პოლონეთის ყოფილ მმართველ პარტიასთან ერთად, რომლებიც ევროპარლამენტში ერთ პოლიტიკურ ჯგუფში არიან.
„ჩვენი ამბიციაა, უფრო ფართოდ ვიაზროვნოთ, რომ ავაშენოთ ახალი ევროპული არქიტექტურა, რომელსაც ექნება უნარი, 21-ე საუკუნის მთავარ გამოწვევებს გაუმკლავდეს. ჩვენ არ გვსურს ევროკავშირის დატოვება. ჩვენი სურვილია, შევცვალოთ ყველაფერი ისე, რომ არ დავანგრიოთ არაფერი. უკვე რამდენიმე წელია, ვაკვირდებით, რომ მთელ მსოფლიოში ბრუნდება ის, რომლის დეკონსტრუქციისკენაც მიისწრაფოდა ევროკავშირი, დაშალოს და გაანადგუროს ერი, საზღვრები, ეროვნული ინტერესების დაცვა, ხალხი მათი სრული სუვერენიტეტით. ჩვენ ვხედავთ ამ ყველა დიდ კონცეფციას, რომელიც ასევე ეხება ეროვნულ ღირსებას და ისევ აქტუალური ხდება დიდ ქვეყნებში, რომლებიც გლობალიზაციის პირობებში მოქმედებენ. ამიტომ ვაცხადებთ, რომ ევროპამ უნდა შეცვალოს ის, თუ როგორ ფუნქციონირებს დღეს“, – განაცხადა ბარდელამ.
ამასთან, ჯორდან ბარდელამ ევროკავშირის გრძელვადიანი ბიუჯეტის გარშემო დავასთან დაკავშირებითაც ისაუბრა. როგორც ბარდელამ აღნიშნა, ევროკავშირის არადემოკრატიულობაზე მიუთითებს ის ფაქტი, რომ ბევრს სურს, ბიუჯეტი საფრანგეთში დაგეგმილ არჩევნებამდე დაამტკიცოს.
„ევროკავშირი დღეს მისდევს ღრმად არადემოკრატიულ პოლიტიკას და ფილოსოფიას. ჩვენ გვჭირდება ახალი ევროპული არქიტექტურა. ის ტემპი, რითაც დღეს ევროპელები და ევროკავშირი მოძრაობენ, არ შეესაბამება მსოფლიოს ტემპს. ღრმად მოძველებულია, რასაც ევროკავშირი უჭერს მხარს – გლობალიზაცია, ძლიერ ღია საზღვრები, უკონტროლო იმიგრაცია, ეკონომიკური დაღმასვლა და გადამეტებული რეგულაციები. ევროკავშირი მოძველებულია და, ამჟამინდელი ფორმითა და მასშტაბით, აღარ შეუძლია, გაუმკლავდეს ჩვენი ქვეყნის სამომავლო გამოწვევებს. ჩვენ უნდა შევცვალოთ, როგორც მოქმედებს ევროკავშირი“, – განაცხადა ბარდელამ.
კითხვაზე, სურს თუ არა, საფრანგეთმა დატოვოს ნატო-ს ინტეგრირებული სარდლობა, ჯორდან ბარდელამ განაცხადა, რომ ის მხარს არ უჭერს ჩრდილოატლანტიკური ალიანსიდან გასვლას, თუმცა ინტეგრირებული სარდლობის დატოვების მომხრეა, რათა საფრანგეთს უფრო მეტი სივრცე ჰქონდეს მანევრირებისთვის. მისივე თქმით, ეს არ მოხდება, ვიდრე ევროპის კართან ომია.
„საპრეზიდენტო არჩევნებში თუ გავიმარჯვებთ, ჩვენი პრიორიტეტი იქნება მუშაობა ევროპის კართან მშვიდობის აღდგენაზე, უპირველეს ყოვლისა, უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტით, და შემდეგ უსაფრთხოების გარანტიების შემუშავებით, რომლებიც უკრაინას საკუთარი საზღვრების დაცვის საშუალებას მისცემს“, – აღნიშნა ბარდელამ.
საფრანგეთის პრეზიდენტობის სავარაუდო კანდიდატის თქმით, ცეცხლის შეწყვეტის შემთხვევაშიც კი ის არ ემხრობა უკრაინაში ფრანგი ჯარისკაცების გაგზავნას. მისივე თქმით, ერთადერთი ვარიანტი, რა შემთხვევაშიც ფრანგი ჯარისკაცები უკრაინაში იქნებიან, არის გაერო-ს უშიშროების საბჭოს მანდატის მქონე მისია.
ტრანსატლანტიკურ ურთიერთობაზე საუბრისას საფრანგეთის ულტრამემარჯვენე პარტიის ლიდერმა განაცხადა, რომ აშშ ევროპის მოკავშირედ რჩება, თუმცა ამერიკელები ევროპის დახმარებას აღარ აპირებენ. ჯორდან ბარდელამ დონალდ ტრამპის პოლიტიკას უკიდურესად არასტაბილური და მუდმივად ცვალებადი უწოდა.
კითხვაზე, სურს თუ არა, აშშ-ის პრეზიდენტმა მომავალ არჩევნებში მას მხარდაჭერა გამოუცხადოს, ბარდელამ უპასუხა:
„მე არ მინდა მისი მხარდაჭერა. ჩვენ, მე და მარინ ლე პენს გვსურს ფრანგი ხალხის და ამომრჩევლის მხარდაჭერა. დონალდ ტრამპის მეორე ვადა არის დაფუძნებული იმ უსაფრთხოების სტრატეგიაზე, რომელიც მონროს დოქტრინის აღორძინებას წინასწარმეტყველებს, რომლის მიხედვითაც, აშშ აღარ არის ერი, არამედ კვლავ ხდება იმპერია, რომელსაც დასავლეთ ნახევარსფეროზე ექსკლუზიური გავლენა აქვს“, – განაცხადა ჯორდან ბარდელამ.
მისივე თქმით, დღეს როგორც აშშ-ის ადმინისტრაციაში, ისე მთელ მსოფლიოში არსებობს შიში, რომ მომავალში „ევროპა მეტად აღარ იქნება ევროპა და საფრანგეთი არ იქნება საფრანგეთი“.
„მსოფლიოში ბევრი ქვეყანაა, რომელიც შეყვარებულია საფრანგეთზე. მათ სჯერათ, რომ მსოფლიო არის ისეთი, როგორიც არის, რადგან საფრანგეთი არსებობს და იმის გამო, რა წვლილიც შეაქვს საფრანგეთს მსოფლიოში თავისი სილამაზით, ელეგანტურობით, ღირებულებებით. ევროპაში ძალიან ბევრი ადამიანია, რომლებიც უკიდურესად უკმაყოფილოები არიან საფრანგეთის დასუსტებით და მასობრივ მიგრაციაში ჩათრევით, რომელიც ფუნდამენტურად ცვლის საფრანგეთის იდენტობასა და ღირებულებებს“, – განაცხადა ბარდელამ.
ამავე ინტერვიუში ჯორდან ბარდელა უკრაინაში გამგზავრების შესაძლებელობას არა გამორიცხავს, თუმცა ამბობს, რომ უკრაინაში ომია და ის არ უნდა იყოს გამოყენებული პოლიტიკურ სცენად.
„როდესაც ვხედავთ ცენტრისტების პრეზიდენტობის კანდიდატს, ედუარდ ფილიპს უკრაინაში მატარებლიდან ჩამოსვლისას, „პიჟამოებსა და მოკასინებით“ ომის ზონაში, არ მგონია, ეს სერიოზული იყოს“, – განაცხადა ბარდელამ.

