„ხელისუფლების გაყალბებული სიები ძალიან მძიმე შედეგებს მოიტანს“, – ამის შესახებ „დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ ამომრჩეველთა სიებზე კომენტირებისას ჟურნალისტებს განუცხადა.
„არაერთგზის თქმულა იმ უმნიშვნელოვანესი პრობლემის თაობაზე, რასაც ჰქვია ამომრჩეველთა სია. „ქართული ოცნება“, რომელიც დღეს აპირებს ამომრჩეველთა იმ სიით ჩაატაროს არჩევნები, სადაც 3 500 000 ამომრჩეველია, წლების განმავლობაში საქართველოს მოსახლეობას ეუბნებოდა, რომ ამომრჩეველთა სია არის ნომერ პირველი პრობლემა არჩევნების ლეგიტიმურობისა. ყველას ძალიან კარგად ახსოვს ბიძინა ივანიშვილის დაპირება, რომ ხელისუფლებაში მოსვლისთანავე ის ამომრჩეველთ სიას ხელახლა გადაამოწმებდა და ახალი სიით ჩაატარებდა არჩევნებს, თუმცა მან არც ეს დაპირება არ შეასრულა“, – განაცხადა ბურჯანაძემ.
მისი თქმით, ორი არჩევნები ძველი სიით უკვე ჩატარდა და „ქართული ოცნება“ ახლა საპარლამენტო არჩევნების ჩატარებასაც იმავე სიით აპირებს.
“ორი არჩევნები ძველი სიით უკვე ჩატარდა, ახლა აპირებენ, რომ საპარლამენტო არჩევნები ჩატარდეს იმ სიით სადაც 3 მილიონ 500 ათასი ამომრჩეველია. ყველამ იცის საქართველოში, რომ 3 მილიონ 500 ათასი საქართველოში მოსახლეც კი არ არის. დღეს სრულიად ნათელია, რომ ბიძინა ივანიშვილმა კიდევ ერთხელ მოგვატყუა უკვე საარჩევნო სიასთან დაკავშირებით და სრულიად ნათელია, რომ დაახლოებით 700 ათასი ხმით მანიპულირებას აპირებს საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება, ეს კი ნამდვილად ძალიან მძიმე შედეგებს გამოიწვევს”, – განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.
შეგახსენებთ, რომ ამომრჩეველთა სიები იუსტიციის სამინისტრომ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას გადაუგზავნა. საქსტატის დეპარტამენტის აღრიცხვის მიხედვით, საქართველოში 3 მილიონ 700 ათასი ადამიანია რეგისტრირებული. იუსტიციის სამინისტრო კი ამომრჩეველთა 200 ათასით ნაკლებ რაოდენობას ასახელებს.