“რადიო თავისუფლების” რუსულენოვანი სამსახურის მიერ მოპოვებული სატელიტური სურათებიდან ჩანს, რომ ოკუპირებულ ყირიმთან დამაკავშირებელი ჩონჰარის ხიდის შესასვლელებთან, რომელიც უკრაინამ იერიშების შედეგად დააზიანა, სატვირთოების რიგი დგას.
გამოცემის მიხედვით, სატვირთოების ნაწილი გაჩერებულია ოკუპირებული ხერსონის ოლქის მიმართულებით და ჯანკოის გამშვებ პუნქტთან, ხოლო ყირიმის მიმართულებით მიმოსვლა თითქმის სრულად არის შეჩერებული.
მანამდე გავრცელდა ცნობები, რომ ლოჯისტიკურ მარშრუტებზე დარტყმების გამო რუსული ძალები იძულებულები გახდნენ, რომ ტვირთის გადასაზიდად, მათ შორის, საწვავისა და საბრძოლო მასალების გადასატანად, ნაწილობრივ სამოქალაქო ტრანსპორტის გამოყენებაზე გადასულიყვნენ.
გამოცემა Suspilne-სთან საუბრისას უკრაინის შეიარაღებული ძალების 1-ელი ცალკეული მოიერიშე პოლკის მეთაურმა, დმიტრი “პერუნ” ფილატოვმა განაცხადა, რომ 9 ივნისს უკრაინამ ჩონჰარის ხიდს დაარტყა და სერიოზულად დააზიანა, რის გამოც მასზე სატვირთოები და მსუბუქი მანქანები ვეღარ გადაადგილდებოდნენ.
ამის შემდეგ რუსეთმა ლოჯისტიკური მარშრუტი შეცვალა და სატვირთოები არმიანსკისკენ გადაამისამართა, თუმცა, უკრაინამ ამ მიმართულებაზე ხიდებს იმ ღამესვე დაარტყა.
ამ ფონზე უკრაინამ 11 ივნისს დაადასტურა, რომ იერიშის შედეგად რუსეთის მიერ ოკუპირებულ არმიანსკის ხიდზე, რომელიც ყირიმს დანარჩენ უკრაინასთან აკავშირებს, 50 სამხედრო მანქანას დაარტყეს.
“იმის გამო, რომ ჩონჰარის ხიდი დაზიანებული იყო, მტერმა სამხედრო ტვირთის მქონე დიდი ოდენობის სატვირთოებს მოუყარა თავი, რომლებიც არმიანსკის გავლით გადაადგილდებოდნენ. შესაბამისად, იერიშის დროს ჩვენ დავარტყით სატვირთოებს, რომლებსაც საწვავი და საბრძოლო მასალები გადაჰქონდათ. იქ დაახლოებით 50 მანქანა იყო და ზოგიერთ მათგანი გავანადგურეთ.” – აღნიშნა ფილატოვმა.

