აშშ-თან შეთანხმებული მემორანდუმი ირანის 14-პუნქტიან წინადადებას ეფუძნება, – ამის შესახებ ინფორმაციას „სიენენი“ ირანის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტოს, IRNA-ზე დაყრდნობით ავრცელებს. ვრცელდება დოკუმენტის სავარაუდო შინაარსიც.
მედიის მიხედვით, შეთანხმება ომის დასრულებას ითვალისწინებს ყველა ფრონტზე, ლიბანის ჩათვლით. კერძოდ, აშშ იღებს ვალდებულებას, „ისრაელს აიძულოს“, ბეირუთში საომარი მოქმედებები შეწყვიტოს.
როგორც მედია იუწყება, ბირთვულ საკითხზე ირანში აღნიშნავენ, რომ ახალ ვალდებულებებს დაუყოვნებლივ არ აიღებენ – ბირთვულ საკითხზე მოლაპარაკებები ხელმოწერიდან 60-დღიან პერიოდში დაიწყება, „ფუნდამენტური პრინციპების ფარგლებში“, მათ შორის ურანის გამდიდრების უფლების შენარჩუნებით.
დოკუმენტის მიხედვით, ჰორმუზის სრუტესთან დაკავშირებით თეირანი სრუტის მართვაზე კონტროლს არ დათმობს. მემორანდუმში მხოლოდ „საზღვაო მიმოსვლის ნორმალიზებასა“ და აშშ-ის ბლოკადის მოხსნაზეა საუბარი. სრუტის მართვა რეგიონულ დონეზე კოორდინირდება – აშშ ამ პროცესში მონაწილეობას არ მიიღებს.
გაყინული აქტივების საკითხზე ირანული მედია წერს, რომ ირანი 24 მილიარდი დოლარის განბლოკვას ითხოვს, რომლის ნახევარი ხელმოწერისთანავე უნდა გახდეს ხელმისაწვდომი. სააგენტოს ცნობით, ირანმა „მესამე მხარეებისგან კონკრეტული გარანტიები მიიღო“ გადახდასთან დაკავშირებით.
სანქციების საკითხზე ირანი ითხოვს ყველა შეზღუდვის მოხსნას 60 დღის განმავლობაში. მედიის ინფორმაციით, ამ პერიოდში აშშ ასევე იღებს ვალდებულებას, რეგიონში ახალი სამხედრო ძალები არ განათავსოს და ირანს ახალი სანქციები არ დაუწესოს.
მემორანდუმის ერთ-ერთი პუნქტია სამხედრო მოქმედებებით გამოწვეული ზარალის ანაზღაურება, რომლის განხორციელების კონკრეტული მექანიზმი 60-დღიანი მოლაპარაკებების განმავლობაში შემუშავდება.
რაც შეეხება ირანის სარაკეტო პროგრამას და რეგიონში მოკავშირე ჯგუფებს, ირანული მედიის ცნობით, ეს თემები დოკუმენტიდან „საბოლოოდ ამოიღეს“.

