კაია კალასი ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურს იცავს და აცხადებს, რომ უწყება „დამატებით ღირებულებას“ ქმნის.
კალასი პასუხობს საფრანგეთის მთავრობის მიერ მომზადებულ სადისკუსიო დოკუმენტს, რომელშიც ევროკავშირის საგარეო უწყებისთვის რადიკალური ვარიანტები იყო წარმოდგენილი, მათ შორის მისი ევროკომისიის კონტროლის ქვეშ სრულად მოქცევა.
„მე ხაზს გავუსვამდი იმას, რამხელა დამატებითი ღირებულება შევუქმენით ევროპას, როგორც გუნდმა, განსაკუთრებით ევროპაში მასშტაბური ომის მძვინვარების მომენტში“, – აღნიშნულია კაია კალასის წერილში, რომელიც მან ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის 5 ათას თანამშრომელს გაუგზავნა.
ელექტრონულ წერილში, ესტონეთის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა კალასმა, რომელიც 2024 წლიდან ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურს ხელმძღვანელობს, განაცხადა, რომ მიესალმება რეფორმებთან დაკავშირებულ დებატებს. თუმცა, მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ „ევროკავშირის ინსტიტუტების როლები და პასუხისმგებლობები ხელშეკრულებებში მკაფიოდ არის განსაზღვრული“.
ფრანგული დოკუმენტი ეროვნული დედაქალაქებისა და ევროკავშირის ოფიციალური პირების მხრიდან დიდი ხნის კრიტიკას მოჰყვა, რომლებიც ჩივიან, რომ ევროკავშირის დიპლომატია ძალიან ნელია, ინსტიტუციურად დისფუნქციური და პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენის მმართველობის დროს ევროპის საგარეო უწყებას და კომისიას შორის გავლენის სფეროებისთვის ბრძოლის ესკალაციის მსხვერპლია.
ევროკავშირის დიპლომატის თქმით, დოკუმენტი წარმოადგენდა შიდა დოკუმენტს, რომელიც არ იყო დამტკიცებული საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ან მისი თანაშემწეების მიერ და არ ასახავს საფრანგეთის ოფიციალურ პოზიციას. მასში ევროპის საგარეო უწყების რეფორმირების სამი ვარიანტია მითითებული, მათ შორის, მისი სრულად კომისიის დაქვემდებარებაში მოქცევა, მისი ძირითადი ფუნქციების ევროკავშირის საბჭოსთვის გადაცემა, რომელიც 27 წევრი მთავრობის სახელით მუშაობს და კალასის როლის გაძლიერება. მანამდე, საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჟან-ნოელ ბარომ განაცხადა, რომ ევროკავშირს უფრო ძლიერი დიპლომატიური სამსახური სჭირდება.

