აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს „რუსეთის დღის“ დღესასწაულთან დაკავშირებით მისალოცი წერილი გაუგზავნა, – ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ავრცელებს.
„აზერბაიჯანის რესპუბლიკასა და რუსეთის ფედერაციას შორის ურთიერთობები აგებულია მეგობრობის, კეთილმეზობლობისა და ურთიერთპატივისცემის საუკუნოვან ტრადიციებზე, რომლებიც ჩვენს ხალხებს აერთიანებს“, – აღნიშნულია წერილში.
ალიევი ხაზს უსვამს სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის, რეგიონთაშორისი და კულტურულ-ჰუმანიტარული კავშირების აქტიურ განვითარებას.
„დიდი კმაყოფილებით აღვნიშნავ ორმხრივი სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთქმედების აქტიურ განვითარებას, რეგიონთაშორისი, კულტურული და ჰუმანიტარული კავშირების გაფართოებასთან ერთად. მტკიცედ ვარ დარწმუნებული, რომ ჩვენი ერთობლივი ძალისხმევა გააგრძელებს აზერბაიჯან-რუსეთის ურთიერთობების განვითარებასა და განმტკიცებას, ასევე მრავალმხრივ თანამშრომლობას სტრატეგიული პარტნიორობისა და ალიანსის სულისკვეთებით, ჩვენი მეგობარი ხალხებისა და ერების საკეთილდღეოდ“, – აღნიშნულია წერილში.

