საქართველო ყირგიზეთს განიხილავს არამხოლოდ როგორც მნიშვნელოვან და საიმედო პარტნიორს, არამედ როგორც მეგობარ სახელმწიფოს. ჩვენ განვიხილეთ საქართველო-ყირგიზეთის თანამშრომლობის ფართო სპექტრი, – ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ ყირგიზეთის რესპუბლიკის პრეზიდენტ სადირ ჟაპაროვთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.
მისივე თქმით, ყირგიზეთში ვიზიტი არის თავისი არსით ისტორიული ვიზიტი.
“მიუხედავად იმისა, რომ ჩვენს ხალხებსა და ქვეყნებს აკავშირებს მჭიდრო ისტორიული ურთიერთობები, როგორც აღინიშნა, ეს არის უმაღლესი დონის პირველი ვიზიტი ჩვენს ქვეყნებს შორის. თამამად შეიძლება ითქვას, რომ თავისი არსით ეს ვიზიტი არის ისტორიული. იმედი მაქვს და დარწმუნებულიც ვარ, რომ ეს ვიზიტი ახალ ბიძგს მისცემს საქართველო – ყირგიზეთის ორმხრივ ურთიერთობებს. ჩვენ გვქონდა ძალიან საინტერესო, შინაარსიანი საუბარი ჩვენს კოლეგებთან ორმხრივ ურთიერთობებთან დაკავშირებით. ასევე, შევეხეთ რეგიონულ და საერთაშორისო დღის წესრიგის სხვადასხვა საკითხს. ასევე, აღსანიშნავია, რომ ხელი მოეწერა ჩემი და ყირგიზეთის პრეზიდენტის ერთობლივ განცხადებას, ორმხრივ დოკუმენტებს, რომელიც მჭიდრო თანამშრომლობისთვის ხელსაყრელ პირობებს შექმნის სამომავლოდ. მინდა ჩვენს მეგობრებს მადლობა გადავუხადო უმაღლეს დონეზე გულთბილი მასპინძლობისთვის. წელს ყირგიზეთი აღნიშნავს დამოუკიდებლობის 35-ე წლისთავს და მსურს გადმოგცეთ ჩემი გულწრფელი მილოცვა და გისურვოთ თქვენ და ყირგიზ ხალხს მშვიდობა და კეთილდღეობა. აქვე, გამოვხატავ ჩვენს მადლიერებას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე, უპირობო და თანმიმდევრული მხარდაჭერისთვის.
არსებული პოლიტიკური და ეკონომიკური ურთიერთობების გათვალისწინებით, საქართველო ყირგიზეთს განიხილავს არამხოლოდ როგორც მნიშვნელოვან და საიმედო პარტნიორს, არამედ როგორც მეგობარ სახელმწიფოს. როგორც უკვე აღვნიშნე, ამას აქვს ძალიან მყარი საფუძველი იმ ისტორიული მეგობრობის სახით, რომელიც არის ჩამოყალიბებული ჩვენს ხალხებსა და ქვეყნებს შორის. გაფართოებული ფორმატის ფარგლებში, ჩვენ განვიხილეთ საქართველო-ყირგიზეთის თანამშრომლობის მარტო სპექტრი. რეგიონული და გლობალური მნიშვნელობის საკითხები. ორმხრივი ურთიერთობების დღის წესრიგში არსებული საკითხების განხილვისას, განსაკუთრებული ყურადღება გავამახვილეთ ორმხრივ სავაჭრო -ეკონომიკურ თანამშრომლობაზე, მისი შემდგომი განვითარების მნიშვნელობაზე. აღინიშნა, რომ ამ თანამშრომლობის განვითარებას აქვს ძალიან დიდი პოტენციალი. მოხარულები ვართ, რომ ვიზიტის პარალელურად გაიმართა საქართველო – ყირგიზეთის მთავრობათაშორისო ეკონომიკური თანამშრომლობის კომისიის მეორე სხდომა. ეს იყო ძალიან დროული სხდომა, რადგან ორივე მხარეს მიეცა შესაძლებლობა დეტალურად განეხილა ორ ქვეყანას შორის სავაჭრო- ეკონომიკური ურთიერთქმედების გაზრდის შესაძლებლობები.
გარდა ამისა, ჩვენ განვიხილეთ საქართველო-ყირგიზეთის პარტნიორობა საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში. დარწმუნებული ვართ, რომ ჩვენი ნაყოფიერი თანამშრომლობა ამ მიმართულებით მომავალშიც გაგრძელდება. აქვე, მინდა მივულოცო პრეზიდენტს და სრულიად ყირგიზეთს ისტორიული გამარჯვება, რომელიც მან გაეროს უშიშროების საბჭოში მოიპოვა და რომლის საფუძველზეც ყირგიზეთი 2027-2028 წლებში დაიკავებს გაეროს უშიშროების საბჭოს არამუდმივი წევრის პოზიციას”, – განაცხადა კობახიძემ.
მისივე თქმით, შეხვედრაზე ასევე საუბარი შეეხო სატრანსპორტო და ლოგისტიკური მიმართულებით თანამშრომლობის განვითარების პერსპექტივებს.
“აღვნიშნეთ შუა დერეფნის განვითარების მნიშვნელობა და ძალისხმევის გაძლიერების მიზანშეწონილობა, მისი განვითარების ხელშეწყობისა და დამატებითი ტვირთების მოზიდვის მიმართულებით. ჩვენ დიდი ინტერესით ვადევნებთ თვალს ჩინეთ-ყირგიზეთ-უზბეკეთის სარკინიგზო პროექტის განხორციელებას და მოხარულები ვართ, რომ ეს პროექტი სწრაფი ტემპით ხორციელდება. რა თქმა უნდა, ეს პროექტი დამატებით შეუწყობს ხელს ცენტრალურ აზიასა და ჩვენს რეგიონს შორის დაკავშირებადების გაძლიერებას. საქართველო თავის მხრივ მნიშვნელოვან ინვესტიციებს ახორციელებს სატრანზიტო ფუნქციის განვითარებაში. მთლიანობაში ეს პროცესები ვფიქრობთ, რომ მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს რეგიონებს და ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების შემდგომ განვითარებას.
ასევე, ჩვენ ვისაუბრეთ ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელობასა და ორმხრივი ტურისტული ნაკადების ზრდის მნიშვნელობაზე. ამას აქვს დატვირთვა როგორც ეკონომიკური თვალსაზრისით, ასევე ჩვენს ხალხებს შორის ურთიერთობების შემდგომი განვითარების კუთხით. აღინიშნა, რომ საქართველოსა და ყირგიზეთს შორის პირდაპირი ფრენების დანიშვნა დამატებით ხელს შეუწყობდა ჩვენს ქვეყნებს შორის ტურისტული მიმართულებით თანამშრომლობის განვითარებას. მნიშვნელოვნად მიგვაჩნია საქართველოსა და ყირგიზეთს შორის მაღალი და უმაღლესი დონის ვიზიტების განხორციელება, მუდმივი დიალოგის შენარჩუნება. პრეზიდენტი მოვიწვიე ვიზიტით საქართველოში, მისთვის მოსახერხებელ პერიოდში და დიდი იმედი გვაქვს, რომ პრეზიდენტის ვიზიტი საქართველოში მალე განხორციელდება. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი ურთიერთობები, ჩვენი ქვეყნების ხალხებისა და საერთო ინტერესების საკეთილდღეოდ მომავალში კიდევ უფრო სწრაფი ტემპით განვითარდება”, – განაცხადა კობახიძემ.

