მაკა ბოჭორიშვილმა მედიასთან ყირგიზეთში ირაკლი კობახიძის ვიზიტის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
როგორც ბოჭორიშვილმა განაცხადა, ვიზიტის ფარგლებში გაიმართება უმაღლესო დონის შეხვედრები, რა დროსაც სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობაზე იქნება საუბარი.
„ყირგიზეთში ვიზიტის ფარგლებში გაიმართება უმაღლესი დონის შეხვედრები პრემიერ-მინისტრის დონეზე. ვიზიტი, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია იმ თვალსაზრისით, რომ საუბარი შეეხება სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობას. ვიზიტის ფარგლებში ასევე გაიმართება ეკონომიკური კომისიის შეხვედრა, რაც მნიშვნელოვანია იმ თვალსაზრისით, რომ ეკონომიკური თანამშრომლობის კონტექსტში ყირგიზეთთან თანამშრომლობა საკმაოდ დინამიკურად ვითარდება. მნიშვნელოვანია, რომ სწორედ კომისიის ფარგლებში იყოს განხილული ის საკითხები, რაც ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური ურთიერთობების დღის წესრიგში დგას. ასევე შედგება ჩემი შეხვედრა კოლეგასთან. რა თქმა უნდა, საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში ყირგიზეთთან თანამშრომლობა მნიშვნელოვანია. ამ კონტექსტში მნიშვნელოვანი საკითხები გვაქვს განსახილველი. ვიზიტი ასევე კარგ შესაძლებლობას იძლევა, ვისაუბროთ სწორედ საერთაშორისო არენაზე თანამშრომლობაზე როგორც ორმხრივ, ისე მრავალმხრივ ფორმატებში“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ოფიციალური ვიზიტით ყირგიზეთის რესპუბლიკაში იმყოფება. პრემიერი ბიშკეკში დელეგაციასთან ერთად გაემგზავრა, რომლის შემადგენლობაში არიან ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი.

