საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი სოციალური ქსელით ქართველ ჟურნალისტებს თავისუფალი პრესის მსოფლიო დღეს ულოცავს:
ძვირფასო ჟურნალისტებო, გულითადად გილოცავთ თავისუფალი პრესის მსოფლიო დღეს.
დღეს ასევე პატივს მივაგებთ მსოფლიო მასშტაბით სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებისას დაღუპულ ჟურნალისტთა ნათელ ხსოვნას.
ამ დღეს კიდევ ერთხელ ვაცნობიერებთ ქვეყნის განვითარებისათვის პრესის თავისუფლების ფუძემდებლურ მნიშვნელობას, პლურალისტური, დამოუკიდებელი მედიის როლს ადამიანის უფლებათა დაცულობის, დემოკრატიის გაძლიერებისთვის. ჟურნალისტთა კორპუსს “მეოთხე ხელისუფლებას” უწოდებენ არა მხოლოდ საზოგადოებრივი აზრის ფორმირებაზე დიდი გავლენის გამო, არამედ უპირატესად იმიტომ, რომ მათი საქმიანობის გარეშე შუძლებელია სახელმწიფოს ეფექტური ფუნქციონირება.
მსურს განსაკუთრებით აღვნიშნო რეგიონული მედიის ფუნქცია ქართული პოლიტიკური და საზოგადოებრივი კულტურის ჩამოყალიბების პროცესში. ძლიერი, ეფექტური, კვალიფიციური რეგიონული ჟურნალისტიკის გარეშე წარმოუდგენელია ქვეყნის განვითარება. იმ ჟურნალისტებს, ვინც რეგიონებში ამკვიდრებენ თავისუფალი მედიისა და პროფესიული ჟურნალისტიკის ფასეულობებს, თითოეული ადამიანისთვის ხელმისაწვდომს ხდიან ინფორმაციას, დიდი და საპასუხისმგებლო საზოგადოებრივი როლი აკისრიათ.
ყოველი ხელისუფლების, თითოული სახელმწიფო მოხელის მოვალეობაა ამ ძალისხმევის თანადგომა, გამოხატვის თავისუფლების დაცვა, მედიის დამოუკიდებლობის უზრუნველყოფა.
შემდგომ წარმატებებს გისურვებთ თქვენ საპატიო, უაღრესად მნიშვნელოვან საზოგადოებრივ საქმიანობაში.