აშშ-ის მიერ ომანის ყურეში მცურავ ნავთობტანკერზე დარტყმის შედეგად, სამი ინდოელი მეზღვაური დაიღუპა, – ინფორმაციას BBC-ი ინდოეთის საზღვაო ტრანსპორტის მინისტრზე დაყრდნობით ავრცელებს.
გამოცემის ინფორმაციით, პალაუს დროშის ქვეშ მცურავ ნავთობტანკერ MT Settebello-ზე დარტყმა აშშ-ის შეიარაღებულმა ძალებმა 9 ივნისს განახორციელა.
ნავთობტანკერის ეკიპაჟის შემადგენლობაში 24 ინდოეთის მოქალაქე იყო, მათგან 21-ის გადარჩენა მოხერხდა.
„სამწუხაროდ, დადასტურდა სამი ინდოელი მეზღვაურის გარდაცვალება, რომლებიც თავდაპირველად დაკარგულებად ითვლებოდნენ. მათი ცხედრები აღმოჩენილი და იდენტიფიცირებულია“, – განაცხადა ინდოეთის საზღვაო ტრანსპორტის მინისტრმა, სარბანანდა სონოვალმა.
შემთხვევის შემდეგ აშშ-ის ცენტრალურმა სარდლობამ ტანკერი ირანის პორტების გარშემო დაწესებული საზღვაო ბლოკადის დარღვევაში დაადანაშაულა.
„9 ივნისს, 23:14 საათზე, აშშ-ის სამხედრო ძალებმა ომანის ყურეში მწყობრიდან გამოიყვანეს ტანკერი, რომელმაც ირანიდან ნავთობის გადაზიდვის მიზნით ბლოკადის დარღვევა სცადა. სამხედრო ძალებმა გემის ძრავის განყოფილებას დაარტყეს, მას შემდეგ, რაც ეკიპაჟი ამერიკული სამხედრო ძალების მითითებებს არ დაემორჩილა“, – დაწერა აშშ-ის ცენტრალურმა სარდლობამ სოციალურ ქსელში.

