თურქეთმა ევროკავშირის 28 წევრი სახელმწიფოსთვის სავიზო რეჟიმი გააუქმა,- ამის შესახებ ევროკომოსიის ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარგარტის სხინასმა ბრიუსელში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
“თურქეთის მთავრობამ შეასრულა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პირობა, რომელიც თურქეთის ტერიტორიაზე უვიზოდ შესვლის ნებართვას ევროკავშირის ყველა- 28 წევრი სახელმწიფოს მოქალაქეებს აძლევს”, -განაცხადა სხინასმა. როგორც უცხოური მედია იტყობინება, თურქეთთან უვიზო რეჟიმი ევროკავშირის ქვეყნების მოქალაქეებისთვის მას შემდეგ ამოქმედდება, რაც ბრიუსელი სავიზო რეჟიმს თურქეთისთვის გააუქმებს.
სავიზო რეჟიმის გაუქმება შეეხება კვიპროსსაც, რომელსაც თურქეთი არ აღიარებს. როგორც თურქეთის მთავრობის წარმომადგენელმა განაცხადა, კვიპროსის მოქალაქეებისათვის სავიზო რეჟიმის გაუქმება არ ნიშნავს, რომ ანკარამ კვიპროსი აღიარა.
ევროკომისია თურქეთთან ვიზალიბერალიზაციის შესახებ ანგარიშს ხვალ გამოაქვეყნებს.