აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

“ევროკავშირის წევრი ქვეყნები რადიკალური რეფორმის წინადადებას განიხილავენ, რომელიც კაია კალასისთვის და ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურისთვის უფლებამოსილებების ჩამორთმევას ითვალისწინებს” – Financial Times

ევროკავშირის წევრი ქვეყნები საგარეო ქმედებათა სამსახურის რადიკალური რეფორმის წინადადებას განიხილავენ, – ინფორმაციას გამოცემა Financial Times -ი ავრცელებს.

გამოცემის ინფორმაციით, გერმანია, საფრანგეთი და სხვა ქვეყნები წინადადებას განიხილავენ, რომელიც ევროკავშირის მთავარი დიპლომატის, კაია კალასისთვის და ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურისთვის (EEAS) უფლებამოსილებების ჩამორთმევას ითვალისწინებს.

წყაროების ცნობით, ევროპელი ლიდერები ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის უფლებამოსილების ევროკომისიისთვის და წევრი ქვეყნებისთვის დაბრუნების ვარიანტს განიხილავენ.

მათივე თქმით, ძირეული რეფორმის მიზანს გეოპოლიტიკურ კრიზისებზე ევროკავშირის რეაგირების გაუმჯობესება წარმოადგენს.

„ნათელია, რომ EEAS-ი დღევანდელ სამყაროში ისე აღარ მუშაობს, როგორც უნდა მუშაობდეს. ის დისფუნქციურია. პრობლემა სტრუქტურულია და ამიტომ სტრუქტურა თავიდან უნდა შეიქმნას“, – განუცხადეს გამოცემას წყაროებმა.

გამოცემა წერს, რომ საფრანგეთის მთავრობის მიერ შეთავაზებული ერთ-ერთი წინადადება ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლისთვის, კაია კალასისთვის ავტონომიის შეზღუდვას ითვალისწინებს.

„დედაქალაქები უკმაყოფილებას გამოთქვამენ და მათ საგარეო არენაზე მეტი ეფექტურობისთვის ერთსულოვნად მოქმედება სურთ. რეალური რისკი არსებობს, რომ შეიძლება საგარეო ქმედებათა სამსახური დაიშალოს“, – აღნიშნეს წყაროებმა.

მათი ცნობით, წევრი ქვეყნების უკმაყოფილებას კიდევ უფრო ამწვავებს ის ფაქტი, რომ კაია კალასი საკუთარ პოზიციას აფიქსირებს სხვადასხვა საკითხებზე, მათ შორის ევროკავშირისა და ჩინეთის ურთიერთობებზე. ასევე, წევრი ქვეყნები თვლიან, რომ ხშირად კალასი ისეთ წინადადებებს წარადგენს ხოლმე, რომელიც მათთან შეთანხმებული არ არის.

იტვირთბა....