ოკუპირებულ ყირიმში დრონებით თავდასხმა განხორციელდა, რის შედეგადაც ხიდები დაზიანდა, – ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
„ტელეგრამ“ არხების ცნობით, ღამით ოკუპირებულ ყირიმში აფეთქებების ხმა ისმოდა. თავდასხმა რამდენიმე საათის განმავლობაში გაგრძელდა.
გავრცელებული ინფორმაციით, ძლიერი აფეთქება მოხდა ქალაქ არმიანსკში მდებარე საავტომობილო ხიდებზე. დაზიანდა სატვირთო ავტომობილები.
რამდენიმე ძლიერი აფეთქება მოხდა ქალაქ სიმფეროპოლშიც. ასევე, აფეთქებების შემდეგ სევასტოპოლის ზოგიერთ რაიონში ელექტროენერგია გაითიშა.
ამასთან, ადგილობრივი მოსახლეობა სოციალურ ქსელებში წერს, რომ ოკუპირებულ ყირიმში „შესასვლელი სახმელეთო ხიდები თითქმის აღარ დარჩა“.
ოკუპირებული სევასტოპოლის ე.წ. გუბერნატორმა, მიხაილ რაზვოჟაევმა განაცხადა, რომ დღეს საწვავი აღარ გაიყიდება, რადგან ღამით ქალაქში საწვავის გადამზიდი ავტომობილები ვერ შევიდნენ.

