პოლონეთის პრემიერ-მინისტრის, დონალდ ტუსკის განცხადებით, პოლონეთი აუცილებლად უნდა იყოს ჩართული უკრაინაში ომის დასრულების მიზნით გამართულ მოლაპარაკებებში.
როგორც ტუსკმა განაცხადა, უკრაინაში ომის შესახებ მოლაპარაკებებთან დაკავშირებით პოლონეთი პატივს არ სცემს იმ გადაწყვეტილებებს, რომელთა განხილვაშიც არ მონაწილეობს.
ტუსკმა გააკრიტიკა ბრიტანეთის, საფრანგეთისა და გერმანიის E3 ფორმატი და განაცხადა, რომ რეგიონულ უსაფრთხოებაზე გავლენის მქონე გადაწყვეტილებების მიღების პროცესში აუცილებლად უნდა მონაწილეობდნენ ისეთი მნიშვნელოვანი მხარდამჭერი ქვეყნები, როგორიც პოლონეთი და იტალიაა. მისივე თქმით, უახლოეს პერიოდში უფრო ფართო ფორმატის მოლაპარაკებების გამართვაა მოსალოდნელი.
„ვესაუბრე იტალიის პრემიერ-მინისტრს, რომელიც არ არის აღფრთოვანებული იმით, რომ ასეთი ფორმატი არსებობს. ნებისმიერი შეთანხმება, რომლის შემუშავებაშიც პოლონეთი არ მონაწილეობს, პოლონეთისთვის სავალდებულო არ იქნება“, – განაცხადა დონალდ ტუსკმა.
ტუსკის ამ განცხადებას უპასუხეს დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურში.
„არსებობს უამრავი მტკიცებულება იმისა, რომ გაერთიანებული სამეფო დიდი ხანია, „მტკიცე კოალიციის“ ფარგლებში თანამშრომლობს ქვეყნების ფართო წრესთან, ისევე როგორც ბრიტანეთის განზრახვაა, გააგრძელოს თანამშრომლობა ევროპელ პარტნიორთა უფრო ფართო წრესთან. უკრაინის სოლიდარობა ჩვენი პრიორიტეტია“, – განაცხადეს დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურში.

