ესტონეთის პოლიციის უფროსის, ეგერტ ბელიჩევის განცხადებით, ბოლო პერიოდში, პოლიციელებთან დაპირისპირების დროს, მოძალადეები იარაღად „კბილებს იყენებენ“, რაშიც ბელიჩევი სამართალდამცავებზე თავდასხმებისას კბენის შემთხვევების გახშირებას გულისხმობს. მისი მხრიდან ასეთი უჩვეულო კომენტარი მოჰყვა რეზონანსულ ინციდენტს, რომელშიც მოსამართლეც მონაწილეობდა. მოსამართლემ პოლიციელს სავარაუდოდ მას შემდეგ უკბინა, რაც მას ტალინის ერთ-ერთი ღამის კლუბის დატოვება მოსთხოვეს.
ესტონეთის პოლიციისა და საზღვრის დაცვის დეპარტამენტის გენერალურმა დირექტორმა, ეგერტ ბელიჩევმა გაზეთ „პოსტიმეესს“ განუცხადა, რომ ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, თითქოს სამართალდამცველებზე თავდასხმები იზრდება.
„პოლიციელზე თავდასხმები ჩვენთვის დიდ პრობლემად იქცა. სტატისტიკურად ამის დამტკიცება არ შემიძლია, მაგრამ ვგრძნობ, რომ სამართალდამცავი უწყებების წარმომადგენლებზე ძალადობა გახშირდა. მუდმივად მოდის შეტყობინებები, რომ თავდასხმების შედეგად პოლიციელების და დაცვის სამსახურის თანამშრომლები დაშავდნენ“, – განაცხადა მან გასულ კვირას გამოქვეყნებულ ინტერვიუში.
„მოძალადეები ხშირად იკბინებიან. სახლში მცირეწლოვანი შვილები მყავს და ვგრძნობ, რომ საზოგადოებასაც ისევე უნდა ავუხსნა, როგორც ჩემს შვილებს ვეუბნები ხოლმე სახლში, რომ კბენა დაუშვებელია და აკრძალულია“, – ამბობს გენერალური დირექტორი.
ამ ინციდენტებზე საუბრისას, ესტონეთის მთავარ პოლიციელს მხედველობაში ჰყავდა ჰარიუს საოლქო სასამართლოს მოსამართლე რეენა ლემბერსი, რომელმაც 25 აპრილს პოლიციელს სავარაუდოდ უკბინა. ინციდენტი მას შემდეგ მოხდა, რაც ტალინის ძველ ქალაქში მდებარე კლუბ „მუნტში“ დაცვის სამსახურმა პოლიცია გამოიძახა. ლემბერთან გასაუბრების შემდეგ, სამართალდამცველებმა მისი სახლში წაყვანა გადაწყვიტეს. ვიდრე პოლიციის მიკროავტობუსამდე მიიყვანდნენ, ლემბერი პოლიციის ოფიცრებს წინააღმდეგობას უწევდა, შეურაცხყოფას აყენებდა და საპატრულო პოლიციის ერთ-ერთ თანამშრომელს უკბინა.
მაისის შუა რიცხვებში, მას შემდეგ, რაც გამოქვეყნდა ვიდეო, სადაც ლემბერისა და ორი პოლიციელის შელაპარაკებაა ასახული, ეს შემთხვევა მედიაში ფართოდ გაშუქდა. ვიდეოში ისმის, როგორ ეკითხება ერთ-ერთი ოფიცერი მოსამართლეს: „რატომ მკბენთ?“
გაზეთ Õhtuleht-ს ლემბერმა დაუდასტურა, რომ პოლიციელებთან კონფლიქტი ნამდვილად ჰქონდა: „მიუხედავად იმისა, რომ დანაშაულში ეჭვმიტანილად არ ვარ ცნობილი, მიმდინარე გამოძიების გამო, კონკრეტულ გარემოებებზე კომენტარს ვერ გავაკეთებ“.
პროკურატურის პრესსპიკერის თქმით, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს საჯარო მოხელის მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს.
ბელიჩევმა დასძინა: „მას შემდეგ, რაც მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ მოსამართლე რეენა ლემბერმა პოლიციელს უკბინა, მსგავსი ინციდენტები ყოველ კვირას ხდება. იმედი მაქვს, როგორც ზრდასრულ ადამიანებს შეგვფერის, პრობლემების მოგვარებას კბენის გარეშეც მოვახერხებთ“.

