2012 წელს, ქართველმა ხალხმა დაინახა ბიძინა ივანიშვილის კომპეტენცია და ქვეყნისთვის თავდადება და გამოუცხადა ნდობა, რომელმაც ქვეყანაში გარდამტეხ ცვლილებებს დაუდო დასაბამი, – ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, მას შემდეგ 14 წელიწადზე მეტი გავიდა და ეს ნდობა კიდევ უფრო განმტკიცდა იმით, რომ ამ ურთულეს წლებში სწორედ ბიძინა ივანიშვილის ინტელექტმა და უკომპრომისო პატრიოტიზმმა საქართველოს მრავალი ურთულესი წინააღმდეგობის გადალახვის შესაძლებლობა მისცა.
„ბიძინა ივანიშვილის მოღვაწეობის ერთ-ერთი უმთავრესი შედეგი სახელმწიფო ინსტიტუტების განმტკიცებაა. ამ ფონზე, ქვეყნის გარე მტრებისა და მათი ადგილობრივი აგენტურის საუბარი იმაზე, რომ საქართველოში სახელმწიფო ინსტიტუტები არ არსებობს და ქვეყანაში ერთმმართველობაა დამკვიდრებული, სრული სიყალბეა და პირადად ჩემთვის შეურაცხმყოფელია. სწორედ ამიტომ, აუცილებლად მიმაჩნია იმის განმარტება, თუ როგორია დღეს, ერთი მხრივ, სახელმწიფო ინსტიტუტების და მეორე მხრივ, ბიძინა ივანიშვილის როლი ქვეყნის მართვის პროცესში.
პირველ რიგში, უნდა აღინიშნოს, რომ ბატონი ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი პარტიის საპატიო თავმჯდომარე და პოლიტიკური საბჭოს წევრი. სწორედ ამ მოცემულობით წარსდგა მმართველი პარტია 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში და ამ მოცემულობით მიიღო მან მყარი ნდობა ქართველი ხალხისგან. შესაბამისად, ბიძინა ივანიშვილის როლი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში არა მხოლოდ ფორმალიზებულია, არამედ უშუალო დემოკრატიულ ლეგიტიმაციასაც ეფუძნება“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

