აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით, ირანის პორტების ბლოკადა უფრო ძლიერი აღმოჩნდა შეთანხმების მიღწევის მიზნით თეირანზე ზეწოლის განსახორციელებლად, ვიდრე ირანის დაბომბვა.
ტრამპის მტკიცებით, შეერთებულ შტატებს მალე ირანთან ძალიან კარგი შეთანხმება ექნება.
„ვფიქრობ, ჩვენ ძალიან ახლოს ვართ ძალიან, ძალიან კარგ, ძლიერ და ძლიერ შეთანხმებასთან. თუ ჩვენ დავბომბავთ – რაც ძალიან მარტივად შეგვიძლია გავაკეთოთ, თუ მოვინდომებთ – და კიდევ ორ-სამ კვირას დავბომბავთ, მათ არაფერი დარჩებათ, მაგრამ სრუტე თვეების განმავლობაში არ გაიხსნება. თუ ჩვენ დაბომბვას განვახორციელებთ, იცით, რომ ბევრი ადამიანი დაიღუპება. ვის უნდა ამის გაკეთება? მე არ მინდა. ჩვენ გვექნება ხელმოწერილი დოკუმენტი, რომელიც სინამდვილეში უფრო ძლიერია, ვიდრე დაბომბვა. რაც ძალიან ძლიერი აღმოჩნდა, არის ბლოკადა. ბლოკადა გაცილებით ძლიერი აღმოჩნდა, ვიდრე დაბომბვა და ეს სინამდვილეში ჩვენი საწყისი ძალისხმევისა და შემდეგ ბლოკადის კომბინაცია იყო, მაგრამ იცით, რომ მათი ეკონომიკა ნამდვილად ზარალს განიცდის და ისინი შეთანხმებას დადებენ“, – აღნიშნა ტრამპმა.

