უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი ალექსანდრ სირსკი აცხადებს, რომ 2026 წლის დასაწყისიდან დღემდე უკრაინულმა ჯარებმა 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი ტერიტორია დაიბრუნეს.
მისივე თქმით, უკრაინამ მხოლოდ მაისში დაახლოებით 100 კვადრატული კილომეტრი ტერიტორია გაათავისუფლა.
შეიარაღებული ძალების მთავარსარდალის განცხადებით, რუსული მხარის მუდმივი ზეწოლის მიუხედავად, უკრაინელი სამხედროები აგრძელებენ თავდაცვას და „ეფექტურ დარტყმებს“.
„საერთო ჯამში, წლის დასაწყისიდან 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი უკრაინული მიწა გათავისუფლდა. მტრის მუდმივი ზეწოლის მიუხედავად, უკრაინის შეიარაღებული ძალები აგრძელებენ ხაზის მტკიცედ შენარჩუნებას, ოკუპანტებს ანადგურებენ და მტრის ოპერატიულ და სტრატეგიულ სიღრმეში ეფექტურ დარტყმებს ახორციელებენ“, – განაცხადა სირსკიმ.
სირსკის განმარტებით, რუსული ჯარები აგრძელებენ აღმოსავლეთ და სამხრეთ უკრაინაში წინსვლის მცდელობებს და საბრძოლო შეტაკებების რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზარდა. ყველაზე ინტენსიური ბრძოლები პოკროვსკის, ალექსანდრივსკისა და ჰულიაიპოლეს მიმართულებით გრძელდება. სირსკიმ ასევე განაცხადა, რომ მაისში მათ 30 500-ზე მეტი რუსი სამხედრო მოსამსახურე გაანეიტრალეს.

