უკრაინის, დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთისა და გერმანიის ლიდერები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ და სამართლიანი მშვიდობის ხუთ პირობას ასახელებენ.
დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერი, საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი და გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენკის შეხვდნენ. ლიდერებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს უკრაინისადმი მტკიცე მხარდაჭერა და ხაზი გაუსვეს, რომ ევროპას ნებისმიერი სამშვიდობო შეთანხმების პროცესში მნიშვნელოვანი როლი ეკისრება.
როგორც ერთობლივ განცხადებაშია ნათქვამი, უკრაინის უსაფრთხოება, სუვერენიტეტი და კეთილდღეობა განუყოფელია ევროატლანტიკური უსაფრთხოებისგან.
მშვიდობის მიღწევის მიზნით ლიდერებმა რამდენიმე ძირითადი პირობა დაასახელეს:
პირველი – საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტა. მათ მოუწოდეს პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს, დათანხმდეს სრულ და დაუყოვნებლივ ცეცხლის შეწყვეტას;
მეორე – არსებული შეხების ხაზი უნდა გახდეს მოლაპარაკებების საწყისი წერტილი; საერთაშორისო საზღვრები არ უნდა შეიცვალოს ძალის გამოყენებით, ხოლო უკრაინის უფლება, თავად აირჩიოს უსაფრთხოების მექანიზმები და ალიანსები, სრულად უნდა იყოს დაცული;
მესამე – უკრაინას უნდა ჰქონდეს მყარი და იურიდიულად სავალდებულო უსაფრთხოების გარანტიები ცეცხლის შეწყვეტის ძალაში შესვლის შემდეგ, 2025 წლის დეკემბერში ბერლინში და 2026 წლის იანვარში პარიზში აღებული ვალდებულებების საფუძველზე. ეს მოიცავს მრავალეროვნული ძალების განლაგებას;
მეოთხე – გაყინული რუსული აქტივები დარჩება გაყინულ მდგომარეობაში იქამდე, ვიდრე რუსეთი არ შეწყვეტს ომს და არ აუნაზღაურებს უკრაინას მიყენებულ ზარალს;
მეხუთე – ევროპის უსაფრთხოების ინტერესები უნდა იყოს დაცული ნებისმიერ შეთანხმებაში; ევროკავშირსა და ნატო-სთან დაკავშირებული ნებისმიერი მოლაპარაკების ელემენტებს დასჭირდება ევროკავშირის და მისი წევრი სახელმწიფოების, ნატო-ს მოკავშირეების თანხმობა.
ლიდერებმა ასევე შეაქეს ვოლოდიმირ ზელენსკის ინიციატივა, რომელიც ითვალისწინებს ომის დასრულებას დიპლომატიური გზით და აშშ-ისა და ევროპის მონაწილეობით უკრაინასა და რუსეთს შორის პირდაპირი დიალოგის დაწყებას.

