„აუდიტორია 115“-ის ერთ-ერთი ლიდერი, ლევან ლორთქიფანიძე, შრომის დღესთან დაკავშირებით პოსტს აქვეყნებს, სადაც ქვეყანაში არსებულ შრომით უთანასწორობაზე საუბრობს:
ჩვენ ირგვლივ უამრავი ადამიანი ცხოვრობს სიღატაკეში. მოქალაქეებს დაუნდობელი უთანასწორობის პირობებში უწევთ გადარჩენისთვის ბრძოლა. ჩვენც არ ვართ მდიდრები, მაგრამ მათ მდგომარეობაში, ალბათ, წარმოუდგენლად მივიჩნევდით ათი მცნების დაცვას, შეიძლება პირველივე გაუსაძლისი წინააღმდეგობის აღმოჩენისთანავე უარი გვეთქვა მოსეს მიერ ჩვენთვის ნაუწყებ კანონებზე.
მიუხედავად ამისა, დაჩაგრული ადამიანების უმრავლესობა უარს ამბობს ცოდვაზე და პატიოსნად იბრძვის ელემენტარული სამართლიანობისათვის – ლუკმა-პურისთვის, განათლებისა და სიცოცხლის უფლებისთვის. ისინი იტანჯებიან, რათა თავიანთი ერთადერთი და მჩაგვრელებისთვის ხელმიუწვდომელი სიმდიდრე – ღირსება შეინარჩუნონ.
ხშირად ვფიქრობ რობინ ჰუდის თანამებრძოლ მამა ტაკზე, ლათინურ ამერიკაში მოქმედ სასულიერო პირებსა და რაც მთავარია, ბახვის მანიფესტის დამწერ, აჯანყებულ გურულ მართლმადიდებელ მღვდელზე. ისინი ადამიანებს ეხმარებოდნენ იმის გაცნობიერებაში, რომ ვიღაც იმონებდა, იმორჩილებდა და მხოლოდ პირადი მოგებისთვის იყენებდა მათ შრომასა თუ ყოფას.
სულ ველოდები იმ დროს, როდესაც ვინმე გაბედავს და საქართველოში ყველაზე მაღალი ტრიბუნიდან ხმამაღლა, ძალიან ხმამაღლა და პირდაპირ იტყვის: “ხალხი არ ღარიბდება თავისთავად. მათ მიზანმიმართულად აღარიბებენ! ხალხს მხოლოდ სულიერი საზრდო არ სჭირდება, აუცილებელია საკვებიც! ქვეყნად არსებობენ მჩაგვრელები და ჩაგრულები, ჯალათები და მსხვერპლნი … იესო დატანჯული ადამიანების მხარეს არის … “.
სულ ველოდები იმ დროს, როდესაც სახარების დავიწყებულ მონაკვეთებს შეგვახსენებენ –
” მოავლინა თავისი მკლავის სიმტკიცე და გაჰფანტა ქედმაღალთა გულის ზრახვანი.
დაამხო ტახტთაგან ძლიერნი და აამაღლა მდაბალნი.
სიკეთით აავსო მშიერნი და ხელცარიელი გაისტუმრა მდიდარნი “.
მანამდე კი დავჯერდები აღდგომისა და 1 მაისის მოლოცვას მდინარეებს შორის მოქცეული მაღალი მთის ღარიბული კელიიდან. მას გავუზიარე აზრი, რომ დღევანდელი დღე ორმაგად, ასმაგად ეკუთვნით მშრომელებსა და სხვა გაღარიბებულ ადამიანებს. ასევე მოკრძალებით შევახსენე გასულ წლებში საწარმოო პროცესის შედეგად გარდაცვლილთა და დაშავებულთა რაოდენობა.
გარდაცვალება –
48 (2012 წელი);
23 (2013 წელი);
45 (2014 წელი);
42 (2015 წელი);
დაშავება –
289 (2012 წელი);
111 (2013 წელი);
72 (2014 წელი);
82 (2015 წელი).
ქრისტე აღდგა, მშრომელებო და სამუშაოს მაძიებელნო !!!”- წერს ლევან ლორთქიფანიძე.