აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

უკრაინის პრეზიდენტმა რომან აბრამოვიჩთან შეხვედრა დაადასტურა და განაცხადა, რომ რუს ბიზნესმენს კიევში, აბრამოვიჩის ინიციატივითვე შეხვდა

უკრაინის პრეზიდენტმა რომან აბრამოვიჩთან შეხვედრა დაადასტურა და განაცხადა, რომ რუს ბიზნესმენს ის კიევში, აბრამოვიჩის ინიციატივითვე შეხვდა.

„აბრამოვიჩი კიევში ჩამოვიდა და თქვა: მე მაქვს გზავნილი თქვენთვის და მსურს, თქვენი გზავნილი გადავცე პუტინს. თუმცა, მან დასძინა, რომ ეს უნდა ყოფილიყო ჩუმად, ყოველგვარი საჯაროობის გარეშე. მე ვუთხარი – ეს თქვენი არჩევანია, ჩვენთვის მნიშვნელობა არ აქვს, ეს საჯარო იქნება თუ არა“ – განაცხადა ზელენსკიმ Sky News-თან ინტერვიუში.

მისივე თქმით, ამ შეხვედრაზე რუს ბიზნესმენს უთხრა, რომ უკრაინა არ იყო თანახმა დონბასის რუსეთისთვის გადაცემაზე, რასაც კრემლი დაჟინებით მოითხოვს.

„ჩვენ განვიხილეთ შესაძლო კომპრომისი. მე ვთქვი, რომ ყველა კომპრომისი ცეცხლის შეწყვეტის შემდეგ მოდის. ცეცხლის შეწყვეტა ჩვენი მხრიდან ყველაზე დიდი კომპრომისია“ – თქვა ზელენსკიმ.

მისივე თქმით, აბრამოვიჩს უთხრა, რომ მზად იყო რუსეთის პრეზიდენტთან შესახვედრად, იმ პირობით, რომ ეს შეხვედრა მოსკოვში ან მინსკში არ შედგებოდა.

„მე ვუთხარი: შეგიძლიათ აირჩიოთ ნებისმიერი დრო, ხვალიდან დაწყებული, ნებისმიერი დღე და ფორმატი. ჩვენ შეგვიძლია პრეზიდენტ ტრამპთან ერთად ავირჩიოთ – დარწმუნებული ვარ, ის მზად იქნება ჩამოსვლისთვის. ჩვენ შეგვიძლია ამის გაკეთება ევროპელებთან ერთად – დარწმუნებული ვარ, ყველას სურს დახმარება. ან შეგვიძლია ავირჩიოთ ორმხრივი შეხვედრა“ – თქვა ზელენსკიმ.

აბრამოვიჩის კიევში ვიზიტსა და ზელენსკისთან შეხვედრაზე ინფორმაცია რამდენიმე დღის წინ, სანქტ-პეტერბურგის ეკონომიკური ფორუმის დროს, პუტინმა გაავრცელა. მან თქვა, რომ “რუსული ბიზნეს წრეების წარმომადგენელი სამი კვირის წინ კიევს ეწვია უკრაინის პრეზიდენტთან შესახვედრად”, თუმცა მან ბიზნესმენის ვინაობა არ დაასახელა.

იტვირთბა....