საქართველოში დიდი პოპულარობით სარგებლობს ფრანგი ექიმი-დიეტოლოგი პიერ დუკანის დიეტა, რომელიც მსოფლიოში 2000 წელს გამოჩნდა და პოპულარობა მალევე მოიპოვა. დიეტის მენიუს შემადგენლობაში ცილები (იგივე პროტეინები) სჭარბობს ყველა სხვა პროდუქტს, რის გამოც მას “ცილოვან დიეტაც” ეწოდა.
პიერ დუკანის დიეტური და დიაბეტური პირველი მაღაზია თბილისში, მომავალ კვირას გაიხსნება. როგორც პიერ დუკანის პროდუქციის ოფიციალური და ექსკლუზიური დილერი/დისტრიბუტორი საქართველოში,შპს “ელიტ ლუქსის” დირექტორი თამარ გოგუაძე „კომერსანტთან” განმარტავს, მაღაზია ბახტირიონის 11 ნომერში იქნება. დაახლოებით ერთი თვის ვადაში კი დიუკანის პროდუქცია ერთ-ერთ უმსხვილეს სააფთიაქო ქსელშიც, მთელი საქართველოს მასშტაბით გაიყიდება. განიხილება პროდუქციის მიწოდება დიდი სუპერმარკეტებისთვის.
გოგუაძე აცხადებს, რომ საქართველოში წონის პრობლემა სერიოზულად დგას, ეს საკითხი თავად ფრანგ დიეტოლოგ, პიერ დიუკანთანაც არის განხილული. გოგუაძე ამბობს, რომ ბაზრის შესწავლის შედეგად აღმოჩნდა, რომ ქართული სამზარეულოდან გამომდინარე ეს პრობლემა ქვეყანაში მწვავედ დგას და შესაბამისად, საქართველოში ამ ბიზნესის დაწყებაც გაამართლებდა.
გოგუაძის თქმით, წლის განმავლობაში ფრანგი დიეტოლოგი თავის რეცეპტებს ქართულ მენიუსაც მოარგებს, შესაბამისად, ქართული ბაზრისთვის მორგებულ პროდუქტებსაც გამოუშვებს.
გოგუაძე განმარტავს, თბილისის მაღაზიაში საწყის ეტაპზე 16 სახეობის პროდუქცია გაიყიდება და მათი ფასი 7-დან 13 ლარამდე იქნება. რეალიზაციაში იქნება ქატოს ტკბილი ბატონები, ორცხობილა, მაკარონი, შოკოლადის მუსი და ასე შემდეგ, ანუ იმ პროდუქციის ნაწილი, რომელიც პიერ დიუკანის ცილოვან დიეტაში გამოიყენება.
“ჩვენ კონკურენტი არ გვყვავს, რადგან ჩვენ პროდუქციის წარმოებას და რეალზიაციას თავად ვახდენთ, ამიტომ, ვფიქრობ, ჩვენი დიეტა და მათ შორის ბიზნესიც, მრავალი წლის მანძილზე საქართველოში კონკურენტუნარიანი იქნება”-აცხადებს გოგუაძე.
„ბორმენტალში” მედიასთან კომენტარის გაკეთებას მოერიდნენ.
საქართველოში ბოლო პერიოდის განმავლობაში საკმაოდ აქტუალური იყო დიეტოლოგ ელენე გიორგაძის დიეტა, ასევე პოპულარობით სარგებლობდა „ბორმენტალი,“ თუმცა, დღეს მათ აქტუალობა უკვე დაკარგეს. საზოგადოებაში მეტნკალებად პოპულარობით სარგებლობს დიეტოლოგ ნატა გაგუას დიეტაც.

