სომხეთში ამომრჩევლის მოსყიდვის საქმეზე რამდენიმე ადამიანი დააკავეს. ამის შესახებ სომხური მედია წერს. სამართალდამცველებს არ დაუკონკრეტებიათ, რამდენი პირის დაკავება მოხდა, თუმცა, მათი განცხადებით, ჩატარდა ჩხრეკა და სხვა საჭირო პროცედურები.
მედიის ცნობით, ბლოკ „ძლიერი სომხეთის“ პარლამენტის წევრობის კანდიდატმა ლორის პროვინციის რამდენიმე მცხოვრებელს ქრთამი გადასცა არჩევნებში მისი ბლოკის სასარგებლოდ მიცემული ხმების სანაცვლოდ.
კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის კომიტეტმა აღნიშნული ოპერაცია ეროვნული უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებთან ერთად ჩაატარა.
სომხეთში დღეს საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს, სადაც საკანონმდებლო ორგანოს მეცხრე მოწვევის შემადგენლობა უნდა განსაზღვრონ.

