ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

როგორი საარჩევნო სია წარუდგინა კალაძემ ივანიშვილს

14 მაისს პარტია “ქართული ოცნება” ყრილობას გამართავს, სწორედ ამ დროს დასახელდება მმართველი პარტიის სიის ახალი შემადგენლობა. მანამდე კი პარტიის შესაძლო ახალ სახეეებზე მედია აქტიურად საუბრობს.

“ახალი თაობის” ინფორმაციით, ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა სიის შედგენა თავდაპირველად ენერგეტიკის მინისტრ კახა კალაძეს დაავალა.

“კალაძის გადაწყვეტილებებმა „ქართულ ოცნებაში“ უკმაყოფილება გამოიწვია. მისი აზრების გამხმოვანებელმა ირაკლი კობახიძემ, რომელსაც სიაში მოხვედრა გარანტირებული აქვს, განაცხადა, რომ სიაში სპორტსმენები აღარ იქნებოდნენ. ცოტა ხნის წინ კი, კალაძის გადაწყვეტილებით, საარჩევნო სიაში გოჩა ჯამარაულისა და მურთაზ შელიას შეყვანა მოიფიქრეს. ერთი, სავარაუდოდ, გარდაბანში იყრის კენჭს, ხოლო მეორე – გლდანში”. – წერს გამოცემა.

კალაძის ამ გადაწყვეტილებამ, მოქმედი სპორტსმენი დეპუტატების განაწყენება გამოიწვია. სპორტსმენთა კატეგორიიდან პარლამენტში ძირითადად მოჭიდავეები არიან მოხვედრილი. თითქმის ყველა მათგანს მაჟორიტარული არჩევნები მოგებული აქვს, ამიტომ ივანიშვილი მათ კარგი თვალით უყურებს.

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ახლო მომავალში ეს ჯგუფი კიდევ ერთხელ აპირებს სოლოლაკში მისვლას. ერთი ასეთი ვიზიტი გასულ წელსაც შედგა. მაშინ სპორტის კომიტეტი სპორტის მინისტრ ლევან ყიფიანის გადადგომას ითხოვდა. მთავრობისთვის გაგზავნილმა უარყოფითმა დასკვნამ შედეგი არ გამოიღო. დეპუტატები მაშინ ივანიშვილს ესტუმრნენ. ვიზიტი სპორტის მინისტრის ლევან ყიფიანის წასვლით დასრულდა.

აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლების ნაწილი უკვე ადასტურებს, რომ საარჩევნო სიაში ისინიც იქნებიან. სიაში ჩასმა შესთავაზეს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრ ნოდარ ჯავახიშვილსაც. წყაროს ცნობით, მან ამ შეთავაზებაზე უარი თქვა.

„ქართული ოცნების“ საარჩევნო სიაში გადმოინაცვლებენ საკრებულოს დეპუტატებიც. სიის ათეულში ჩასმას ითხოვს თბილისის მერი დავით ნარმანიაც. ოფიციალურად არავინ ადასტურებს, მაგრამ კულუარებში ამბობენ, რომ 8 ოქტომბერს დედაქალაქის მოსახლეობას მერის არჩევაც მოუწევს.

თავიდან ამბობდნენ, რომ მერობაზე კენჭს კალაძე იყრიდა, მაგრამ მერე ივანიშვილს გადაუფიქრებია. ერთ-ერთი ვერსიით, ამ თანამდებობაზე, შესაძლოა, ყოფილი პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი წარადგინონ.

საუბრები არ წყდება, რომ ღარიბაშვილი საკუთარი პარტიის შექმნას აპირებს. ამ მიმართულებით ჯერ ნაბიჯი არ გადადგმულა. ამის მიუხედავად, არის ვარაუდები, რომ მის გუნდში აღმოჩნდებიან “ქართული ოცნების” სიის მიღმა დარჩენილები. მათ შორის საპარლამენტო უმრავლესობის წევრები თამაზ მეჭიაური და ომარ ნიშნიანიძეც სახელდებიან.

იტვირთბა....