შალვა პაპუაშვილი აცხადებს, რომ აშშ-ის თავდაცვის ავტორიზაციის აქტში (NDAA) საქართველოსთან დაკავშირებით დამტკიცებული შესწორებები ხელისუფლებისთვის შეშფოთების საფუძველს არ წარმოადგენს. მისი მტკიცებით, “ქართული ოცნების” გუნდი „მშვიდად“ უყურებს პროცესს, ხოლო ქვეყანაში უცხო ქვეყნების სადაზვერვო საქმიანობის გამოვლენა და აღკვეთა თავად საქართველოს უსაფრთხოების სტრუქტურების პირდაპირი ინტერესისა და პასუხისმგებლობის სფეროა.
ამასთან, პაპუაშვილმა კრიტიკულად შეაფასა შესწორებების ინიციატორი, კონგრესმენი ჯო უილსონი და განაცხადა, რომ საქართველოს უსაფრთხოების სისტემას ყველა საჭირო ინსტრუმენტი გააჩნია მსგავსი საფრთხეების გამოსავლენად.
“უპირველეს ყოვლისა, ეს კინო უკვე ნანახი გვაქვს, რომელიც სერიალად იქცა. ჯო უილსონი აყენებს რაღაც ცვლილებებს და ამაზე ხომ უნდა წავიდეს დაუსრულებელი საუბარი. არაფერი, ძალიან მშვიდად ვუყურებთ ამ საკითხს, ვაცადოთ ჯო უილსონს, რომ საკუთარი პოლიტიკის მიღმა ცხოვრება უზრუნველყოს. რაც შეეხება შინაარსს, სადაზვერვო ქსელების გამოვლენას არ სჭირდება აშშ-ს კონგრესის ან ნებისმიერი სხვა ინსტიტუტის გადაწყვეტა თუ შეხსენება. ეს, უპირველეს ყოვლისა, ჩვენს ინტერესებშია და თქვენ ხედავთ სუსი როგორ აქტიურად არის ამ საკითხში ჩართული და როგორ ზუსტად და ყოველგვარი კითხვების გარეშე მოქმედებს. დღეს საქართველოს უსაფრთხოების სისტემას გააჩნია ყველა ინსტრუმენტი იმისთვის, რომ გამოავლინოსსადაზვერვო საქმიანობები. რაც უსამართლობას დაუნგრევია, ის სამართლიანობამ უნდა ააშენოს. ეს არის ალბათ ის მოლოდინი, რაც ჩვენ გვაქვს” – თქვა დღეს შალვა პაპუაშვილმა.
აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის შეიარაღებული ძალების კომიტეტმა ეროვნული თავდაცვის ავტორიზაციის აქტის (NDAA) პროექტში საქართველოსთან დაკავშირებული ორი შესწორება დაამტკიცა. ერთ-ერთი მათგანი საქართველოში „პოლიტიკურ პატიმრებად“ მოხსენიებული პირების საკითხს ეხება, მეორე კი – საქართველოში რუსეთისა და ჩინეთის სადაზვერვო საქმიანობის შესახებ ანგარიშის მომზადებას. ინიციატივების ავტორი რესპუბლიკელი კონგრესმენი ჯო უილსონია. შესწორებები საბოლოოდ ძალაში ჯერ არ შესულა და მათ კონგრესის ორივე პალატისა და აშშ-ის პრეზიდენტის მხარდაჭერა სჭირდება.

