ისრაელმა ირანთან ომის დროს აზერბაიჯანში ფარულად განალაგა ელიტური სამხედრო და სადაზვერვო დანაყოფები, როგორც ახლო აღმოსავლეთში ფარული ობიექტების ქსელის ნაწილი, ირანის წინააღმდეგ ოპერაციების ხელშესაწყობად, – ამის შესახებ ინფორმაციას „სიენენი“ ავრცელებს.
ორი წყაროს ცნობით, ძალები მოქმედებდნენ სამხრეთ აზერბაიჯანის რამდენიმე ადგილას ირანის ჩრდილოეთ საზღვრის მიმდებარედ და მასთან უახლოეს წერტილში, ირანის ქალაქ თავრიზიდან დაახლოებით 60 მილის დაშორებით, რომელსაც ისრაელმა ომის დროს დაარტყა.
ორი სხვა წყაროს ცნობით, ადგილზე ასევე განლაგდნენ სპეციალური კომანდოს დანაყოფები, რომლებმაც განახორციელეს სადაზვერვო მისიები და ოპერაციები დრონების გამოყენებით, რამაც ისრაელს ომის დროს ჩრდილოეთ ირანის დანახვის საშუალება მისცა.
„აზერბაიჯანში მდებარე ობიექტები სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის, ერაყში, არაბთა გაერთიანებულ საამიროებსა და ისრაელის მიერ აღიარებულ სომალილენდში მრავალრიცხოვან საიდუმლო სამხედრო ბაზებს შორის იყო“, – განუცხადეს წყაროებმა „სიენენს“.
ეს ძალები, რომლებიც თავდაპირველად საგანგებო სიტუაციის შემთხვევაში პოტენციურ სამაშველო ჯგუფებად იყო დაგეგმილი, გაფართოვდნენ და სამხედრო და სადაზვერვო ოპერაციებში გამოიყენეს. ერთ-ერთი წყაროს ცნობით, აზერბაიჯანის ოპერაციაში რამდენიმე ათეული ჯარისკაცი მონაწილეობდა, მათ შორის ისრაელის სპეციალური ოპერაციების ძალების, მისი ელიტური საბრძოლო და სამაშველო ძალების წევრები და „მოსადის“ პერსონალი.
ამერიკის შეერთებულ შტატებში აზერბაიჯანის საელჩოს წარმომადგენელმა „სიენენს“ განუცხადა: „ჩვენ კატეგორიულად უარვყოფთ უსაფუძვლო ბრალდებებს აზერბაიჯანის ტერიტორიის მესამე ქვეყნების წინააღმდეგ ოპერაციებისთვის სავარაუდო გამოყენების შესახებ“.
ერთ-ერთი წყაროს ცნობით, აზერბაიჯანიდან დაწყებული ერთ-ერთი მთავარი ოპერაცია 4 მარტს რაჰმან მოღადამის მკვლელობას უკავშირდებოდა, რომელიც ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის (IRGC) სადაზვერვო განყოფილებას ხელმძღვანელობდა. მას ისრაელი 2024 წელს ტრამპის წინააღმდეგ მკვლელობის მცდელობის დაგეგმვაში ადანაშაულებდა. ერთი დღის შემდეგ, დრონებმა აზერბაიჯანის ანკლავში, ნახჭევანში მდებარე აეროპორტს დაარტყეს, რის შედეგადაც ტერმინალის შენობა დაზიანდა და რამდენიმე ადამიანი დაიჭრა. აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა მომხდარში ირანი დაადანაშაულა და მას „საშინელი, ლაჩრული და უსირცხვილო ტერორისტული აქტი“ უწოდა. ირანმა დრონების გაშვება უარყო.
აზერბაიჯანის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა 6 მარტს განაცხადა, რომ მან აღკვეთა ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის გეგმა, რომელიც მიზნად ისახავდა კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე, ასევე ისრაელისა და ებრაული სამიზნეების დაბომბვას. რამდენიმე კვირის შემდეგ ისრაელმა საჯაროდ აღიარა, რომ ეს იყო ერთობლივი ოპერაცია, რომელშიც მონაწილეობდნენ „მოსადი“, ისრაელის სამხედროები და „შინ ბეთის“ უსაფრთხოების სამსახური.

